მისი თქმით, ქუჩების იერსახისთვის შეიქმნება ერთიანი სტანდარტი, რომელიც მოიცავს სარეკლამო აბრების, ფასადებისა და ვიტრაჟების, შენობის სახურავების, ნავიგაციის ნიშნებისა და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის სტანდარტებს.
ვიზუალური სტანდარტის პრეზენტაციაზე უცხოური ქვეყნების მაგალითები წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული პროგრამა ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ განხორციელდება.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აბრებზე და ვიტრინებზე ქართული ანბანის გამოყენებას.
„ეს ახალი, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ყველა განვითარებულ ქალაქს გააჩნია თავისი ვიზუალური სტანდარტი. თბილისში ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ქართულ ანბანს არ იყენებენ ან თუ არის გამოყენებული - ძალიან უმნიშვნელოდ. მე არავის ვეწინააღმდეგები, ყველას შეუძლია ჩამოვიდეს ჩვენს ქალაქში, განახორციელოს ინვესტიციები, დაასაქმოს ხალხი - ეს მისასალმებელია, თუმცა ვიზუალურ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ანბანის გამოყენებას. ეს ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია” - განაცხადა კახა კალაძემ.
ურბანული განვითარების პოლიტიკა დღეს კახა კალაძემ და მისი გუნდის წევრებმა ურბანისტებს, არქიტექტორებსა და დეველოპერებს წარუდგინეს. პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.