weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი არიან – ევროკომისიის პრეზიდენტი

12:08 პარასკევი, 24 ივნისი 2022

„სამივე ქვეყანა ევროპული ოჯახის ნაწილია და ჩვენ ამის შესახებ არასოდეს დაგვრჩენია ეჭვი. დღევანდელი გადაწყვეტილება ამას ადასტურებს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადების შესახებ გადაწყვეტილება.

გუშინ, 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა. გარდა ამისა, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაც გადაწყვიტა.

„ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი კმაყოფილების მომენტი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს მოსაზრებებს.

ამ რთულ დროს, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის იმედის უკეთესი ნიშანი არ შეიძლება იყოს.

რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას მოუწევს საშინაო დავალების შესრულება გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი იმოძრავებს რაც შეიძლება სწრაფად და იმუშავებს რაც შეიძლება ბევრს საჭირო რეფორმების განსახორციელებლად – არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მოეთხოვებათ წინსვლა ევროპაში გაწევრიანების გზაზე, არამედ უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ეს რეფორმები კარგია ქვეყნებისთვის, კარგია დემოკრატიისთვის, იმიტომ, რომ ის აძლიერებს სამივე ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და, საბოლოო ჯამში, ისინი კარგია მოქალაქეებისთვის.

ნება მომეცით ხაზი გავუსვა, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მივიღეთ, ყველას გვაძლიერებს. ის აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსული აგრესიის ფონზე და ეს აძლიერებს ევროკავშირს, რადგან ის კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს, რომ ევროკავშირი ერთიანი და ძლიერია გარე საფრთხეების წინაშე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ერთიანების ჩვენება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და რეფორმების მიმართულებით მოძრაობა.

ევროპული საბჭო მზადაა, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები შესრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]