weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტი ევროპულ საბჭოს: მსურს მჯეროდეს, რომ შეგვიძლია მთავრობის იმედი გვქონდეს

13:00 პარასკევი, 24 ივნისი 2022

„საქართველოს მოსახლეობას ესმის, და ვფიქრობ ჩვენ ყველამ, მათ შორის მთავრობამ, უნდა გავიგოთ, რომ შანსი რომელიც მოგვეცა ასევე გამოწვევაა. გამოწვევაა იმ მხრივ, რომ შევძლოთ მომავალ ექვს თვეში სერიოზულად მივუდგეთ იმ რეფორმების გზას, რაც აქამდე გვქონდა, თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთი ნაბიჯი დროულად არ გადაიდგა, ზოგიერთი ნელა გადაიდგა. ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოსადმი მიმართვის დროს.

გუშინ, 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა. გარდა ამისა, მან უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაც გადაწყვიტა. ევროპული საბჭო მზადაა, საქართველოსაც მისცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები შესრულდება.

„ამ წლის ბოლომდე გვაქვს დრო. ეს პირობა გვაქვს, რომ წლის ბოლომდე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, თუ შევასრულებთ იმას, რასაც ჩვენგან ელიან.

ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობამ ორი დღის წინ (ქუჩაში) აჩვენა, რომ მზადაა. მე, პრეზიდენტის რანგში, არა მხოლოდ მზად ვარ, არამედ მიმაჩნია, რომ ზედამხედველობის დავალება უნდა შევასრულო იმისა, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები.

ასე რომ, შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ, შეგიძლიათ ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ და მსურს მჯეროდეს, რომ შეგვიძლია მთავრობის იმედი გვქონდეს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს.

პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი შვილების წინაშე, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, გამოწვევას ძალიან სერიოზულად მივუდგებით და ამაზე ვიმუშავებთ.

ვიცით, რომ საკმაოდ ინტენსიური სამუშაო იქნება, მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ შემიძლია თქვენი მხარდაჭერის იმედი მქონდეს ბატონო პრეზიდენტო, და მათი, ვინც მაგიდის გარშემო სხედხართ, რადგან თქვენ ჩვენ შანსს გვაძლევთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ ხალხს, რადგან „რომ არა აგრესიის წინაშე მათი არაჩვეულებრივი ერთობა, ეს დიდი ისტორიული ნაბიჯი სავარაუდოდ არ გადაიდგმებოდა“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა ისტორიულ ნაბიჯი გადადგეს იმისთვის, რომ „ევროპა თავის უფრო დიდ კონფიგურაციაში გაერთიანდეს, რომელშიც შავი ზღვა თავისი ხიდის ფუნქციებს უნდა დაუბრუნდეს, როგორც ეს ძველ დროს იყო“.

„ზღვის უსაფრთხოებას, თანამშრომლობას, სტაბილურობას ორივე მხარეს სჭირდება დემოკრატიული და ევროპული ქვეყნები და ეს გზა მსურს დავინახო ჩემი ქვეყნისთვის, ეს გზა მსურს დავინახო ევროპისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, გარკვეული იმედგაცრუება არის იმის გამო, რომ საქართველო ტრიოს სამეულში არ არის, მაგრამ მოხდა ის, რასაც საქართველო მრავალი წელი ელოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]