weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

გადადგომას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ – ღარიბაშვილი

14:51 პარასკევი, 24 ივნისი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გადადგომის შესახებ შეკითხვა უადგილოა, რადგან ხალხისგან მიღებული აქვს „განმტკიცებული მანდატი“, ემსახუროს ქვეყანას.

„გადადგომას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. ეს არის სრული აბსურდი. პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდა ავიღეთ, ბოლომდე შევასრულოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, ხედავს თუ არა საკუთარ პასუხისმგებლობას იმაში, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღო, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი იყო, რომ მთავრობას „გარანტია არავისთვის მიუცია“.

„ჩვენს მიერ განსახორციელებელი ყველა ქმედითი ნაბიჯი იქნა გადადგმული ბოლო ამ 10 წლის განმავლობაში - ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, აპლიკაციის შევსება და შეტანა. ყველა პირობა შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ხალხის წინაშე. ჩვენი ხალხის 85% ითხოვს ევროპულ პერსპექტივას და სწორედ, ამ სულისკვეთებით, ამ პასუხისმგებლობით, ჩვენ ვემსახურეთ და ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამიტომ მოვუტანეთ ჩამოთვლილი რეალური ხელშესახები მიღწევა, რაც უკავშირდება ევროინტეგრაციას.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მე და ჩვენი გუნდის ყველა წარმომადგენელი ამაზე ღიად ვსაუბრობდით.

ჩვენ არავითარი გარანტია არ მიგვიცია არავისთვის. როგორ შეგვეძლო, რომ ევროპის მაგივრად ვინმესთვის გარანტია მიგვეცა. ეს არასწორია“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საკუთარ პოზიციას არ ცვლის და მიაჩნია, რომ სამ ქვეყანას შორის თუ ვინმე იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო იყო.

გუშინ, 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა აღიარა. გარდა ამისა, საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაც გადაწყვიტა. ევროპული საბჭო მზადაა, საქართველოსაც მისცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები შესრულდება.

ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტს/პირობას შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედია გარემოს გაუმჯობესება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]