weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ოცნების“ და „ალტ ინფოს“ წევრები მოძრაობას „შინ ევროპისკენ“ თელავშიც დაუპირისპირდნენ

16:46 ხუთშაბათი, 30 ივნისი 2022

მერიის თანამშრომლებმა, პარტია „ქართული ოცნებიდან“  საკრებულოს წევრებმა და „ალტ ინფოს“ წარმომადგენლებმა მოძრაობას „შინ ევროპისკენ“ თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში მოქალაქეებთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს. ისინი მოძრაობის წევრებს, მათ შორის, მწერალ ლაშა ბუღაძეს და ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილს ჭიშკართან დახვდნენ და ეზოში არ შეუშევს.

საკრებულოში ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარის, ლევან კოჭლოშვილს თქმით, არ დაუშვებს, ერეკლე მეფის ქალაქში აქტივობა ჩაატაროს ვინმემ, ვინც ლევან ბერძენიშვილს არ ემიჯნება.

„შეხვედრას არ ჩაგარატებინებ, ძმაო... ლევან ბერძენიშვილს, რომელიც ერეკლე მეფეს რუსეთუმეს, ევროპის და საქართველოს კულტურის გამყიდველს ეძახდა, შენ არ ემიჯნები, არ გმობ მის საქციელს. ახლა ჩამოდიხარ თელავში და აბსურუდულ თეორიას ავითარებ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ უნდა ევროკავშირში შესვლა. შენს გვერდში დგას ის ადამიანი, რომელიც ერეკლე პაპას შეურაცხყოფდა“, – უთხრა კოჭლოშვილმა ალექსი პეტრიაშვილს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე შათირიშვილმა თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამასთან, აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლება ხალხის არჩეულია და მას მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა.

ლაშა ბუღაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს დაპირისპირება ხელოვნურად შექმნას და ის ადამიანები, ვინც დღეს შეხვედრის ჩაშლა სცადეს, სწორედ მმართველი პარტიის დავალებით მოქმედებდნენ.

„ერეკლე მეორეზე ხუთი შეკითხვა რომ დავუსვა, ალბათ ერთზე ვერ გამცემს პასუხს. სინამდვილეში, ეს არის მცდელობა შექმნან სურათი, თითქოს რაღაც დაპირისპირებაა. არანაირი დაპირისპირება არ არის. არის კონკრეტული ადამიანების შიში, ძალაუფლება და ფული არ დაკარგონ“, – აღნიშნა ლაშა ბუღაძემ.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იუმორისტული გადაცემის „კაცები“ წამყვანი, დავით ლაბაძეც იყო. მისი თქმით, ინციდენტის მიუხედავად, ახალგაზრდებთან შეხვედრა სხვა ადგილზე მაინც მოახერხეს.

„რეალურად, ხმამაღალ სიტყვებზე შორს ეს დაპირისპირება არ წასულა და მთავარი ის არის, რომ ისინიც კი, ვინც იქ გვიპირისპირდებოდნენ, აფიქსირებდნენ, რომ ევროპული ფასეულობები მათთვისაც მნიშვნელოვანია. შეიძლება, უბრალოდ, პრობლემების გადაჭრის მეთოდებს ხედავს ყველა სხვადასხვანაირად“, – ამბობს ლაბაძე.

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ აქტივისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 3 ივლისის აქციის წინ რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას მართავენ და მოქალაქეებს ხვდებიან. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეხვედრების ჩაშლას და დაპირისპირების გამოწვევას ცდილობენ. კახეთში მსგავსი ფაქტი გუშინ, 29 ივნისს, ყვარელში დაფიქსირდა, სადაც „ლელოს“ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]