weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვატო წერეთელმა მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა – ანრი ოხანაშვილი

23:35 ხუთშაბათი, 30 ივნისი 2022

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მასსა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელს, ვატო წერეთელს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ოხანაშვილი ამბობს, წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

„უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, უბინძურესს წერეთლის მხრიდან. მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო... ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა, მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაც, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა.

საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერცერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ, რაც დღეს, საელჩოს ტერიტორიაზე, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიმდინარეობისას მოხდა.

მომხდარის შესახებ ვატო წერეთელი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში ჰყვება:

„რა უნდა მეთქვა ისეთი ანრი ოხანაშვილისთვის, რომ ხუთი დეპუტატი მოსულიყო და ამერიკის საელჩოში ფიზიკურად გასწორება დაეწყო. მე ჩემი მოსაზრება მაქვს. პარლამენტის ინციდენტი რომ იყო რამდენიმე თვის უკან, ალბათ იქიდან ჰქონდა რაღაც გულში ჩადებული. ლექსო ლაშქარავა რომ გარდაიცვალა, მაშინ მივედი და ადამიანებს პასუხს ვთხოვდი, მაშინ მქონდა შელაპარაკება.

მივმართავ ქალბატონ ელჩს, თქვენს ტერიტორიაზე კრიმინალი ჩაიდინეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. აუცილებლად გაასაჯაროვეთ ვიდეომასალა. მე მოვედი როგორც სტუმარი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები დამესხნენ თავს. ამის გამო მათ უნდა აგონ პასუხი“.

წერეთლის თქმით, ანრი ოხანაშვილთან ერთად „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილიც იყვნენ.

„მომეხვივნენ ოთხივე და ყელში რომ უნდა წაჭერა, ისე და ხელი გამომიქანა. სანამ გონზე მოვედი, მეორემ გამომიქანა, ჭიქა მესროლა და მერე ლაჩრულად გაიქცნენ. „ქართული ოცნებისგან“ სიგიჟე არავის უკვირს, მაგრამ ისე გამომდის, რომ სიგიჟეს ვყვები, ამიტომ ეს კრიმინალი უნდა გასაჯაროვდეს და რადგან „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, არ უნდა დაეფაროთ ხელი“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

დეპუტატი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს, რომ სიცრუეა, თითქოს წერეთელს ოთხმა ადამიანმა სცემა. როგორც ანრი ოხანაშვილი, ისიც ამბობს, რომ „ადგილი ჰქონდა ბინძურ პროვოკაციას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]