weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა „მუდმივ რეჟიმში ზეწოლის“ გამო

12:38 პარასკევი, 01 ივლისი 2022

თეა კატუკიამ, რომელიც 2019 წლიდან საფრანგეთში საქართველოს ელჩი იყო, თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზად ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ზეწოლას ასახელებს. ყოფილი ელჩის თქმით, გადადგმის თაობაზე განცხადება პირველ მაისს დაწერა და ის ძალაში დღეს შევიდა.

გავრცელებულ განცხადებაში თეა კატუკია მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ელჩად წარდგინებისთვის და აღნიშნავს, რომ მანდატის შესრულების განმავლობაში მისი მიზანი იყო პოლიტიკური მიკერძოების გარეშე საქართველოს ინტერესების მაქსიმალური დაცვა და ევროკავშირთან ქვეყნის დაახლოება.

„გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ჩემზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 25 წელიწადი გავატარე საფრანგეთში და ვფლობ საფრანგეთის მოქალაქეობას, თანამდებობაზე დათანხმებისას არ მიფიქრია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა საზღვარგარეთ ჩემი განვლილი პროფესიული გზა და ჩემი პოლიტიკური მიუკერძოებლობა.

პირველივე დღიდან გავხდი საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ვიცავ და იმ მიზნებსა და მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მიმართ გამაჩნია.

ღრმად მჯერა, ზემოთაღნიშნული ქმედებები, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოსთვის მიუღებელია, არ ასახავს ქართული საზოგადოების რეალობას. ჩვენი საზოგადოების მისწრაფებები ეფუძნება თავისუფლებისა და სამართლიანობის ღირებულებებს - იმ ფასეულებებს, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ფუნდამენტური და განუყოფელია, და რომლებიც გვაკისრებენ ერთიანობისა და პასუხისმგებლობის ვალდებულებას.

აღნიშნულ მდგომარეობას ჩემთვის ხელი არ შეუშლია დაკისრებული მისიის შესრულებაში, რა თქმა უნდა, დიდი პირადი ძალისხმევის ფასად და „კოვიდ 19“ პანდემიის გამო საქმიანობის მნიშვნელოვნად შეზღუდვის პირობებში. ჩემი მანდატის მანილზე მტკიცედ ვაგრძელებდი საფრანგეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას. აღნიშნული მისია განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა და ატარებს იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება“, – ნათქვამია თეა კატუკიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, დღეს საქართველოს ევროპული მომავალი და მისი დემოკრატიული განვითარება მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის პოლიტიკურ არჩევანზეა დამოკიდებული. როგორც კატუკია ამბობს, საკადრო და სტრუქტურული პრობლემები, რომლის წინაშეც საქართველოს დიპლომატიური სამსახური დგას, ხელს უშლის ქვეყანას ეფექტური საგარეო პოლიტკის გატარებაში მის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ.

 

ამ თემაზე:

თეა კატუკიამ საფრანგეთში საქართველოს ინტერესები სათანადოდ ვერ დაიცვა – სამინისტრო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]