„პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის და ყოველთვის ეს განწყობა მექნება მკვლელების რეჟიმის ლიდერის თუ ლიდერების მიმართ, რომელსაც ჩემი ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია“, – წერს სოციალურ ქსელში სამხარაძე, რომელიც 2016 წლიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატია პარლამენტში.
დიმიტრი სამხარაძე „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც იქ აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეთა ნაწილი მივიდა. მან დემონსტრანტებს რამდენჯერმე აგინა, რაც მედიამაც დააფიქსირა. მანამდე სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოფისში 10 კაცი იყვნენ და „დორბლიანის მონებს“ ელოდებოდნენ.
„ქართული ცონების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სამხარაძის გინება მოსაწონი არ არის, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „გარკვეული ადამიანური სისუსტის გამოვლინება იყო“.
„ჩვენ ყველას გვმართებს, მათ შორის, მუშაობა იმაზე, რომ დეპოლარიზაციის მიმართულებით ხელის შემშლელი ბარიერები რაც შეიძლება მეტად მოვსპოთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
გუშინ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია „შინ ვეროპისკენ“ გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილმა ღამე ქუჩაში გაათენა. აქცია დილით მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა.