კობახიძის თქმით, „საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო“.
„სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას - ხელისუფლების გადატრიალებას და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი, ანტისახელმწიფოებრივი ბუნება.
გარდა ამისა, გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია. ამ გეგმის განხორციელებას ესაჭიროებოდა ერთი მთავარი რამ - ხალხის მხარდაჭერა. „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა „სირცხვილია“ და NGO სატელიტები ამ მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე“, – განაცხადა კობახიძემ
გუშინ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ვეროპისკენ“ გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილმა ღამე ქუჩაში გაათენა. აქცია დილით, მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა.