weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუ დეკემბერში მივიღებთ სტატუსს, 2032-2034 წლისთვის შეიძლება გავხდეთ EU-ის წევრი – კობახიძე

11:08 ოთხშაბათი, 06 ივლისი 2022

„შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ ყველა რეფორმა - სასამართლო, ანტიკორუფციული და ა.შ. განხორციელდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის და სტანდარტების შესაბამისად. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება თვითონ კანდიდატის სტატუსის მიღებას, უნდა გავიხსენოთ ის რეალობა, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება არა მხოლოდ ექსპერტული, არამედ პოლიტიკურიც“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კობახიძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ივნისში ევროკავშირმა გადაწყვეტილება პოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებით მიიღო.

„ბუნებრივია, ჩვენ გვესმის რატომ იქნა თავის დროზე ეს გადაწყვეტილება მიღებული, როდესაც უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს არა. მიზეზი იყო ძალიან მარტივი, რაც ღიად დაასახელა ემანუელ მაკრონმა: ძირითადი ფაქტორი იყო მაინც ომი და მეორე ფაქტორი იყო გეოგრაფია. პირველ რიგში, ომის გამო მიენიჭა უპირატესობა უკრაინას და მოლდოვას.

რა თქმა უნდა, დეკემბერშიც გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და წინასწარ გაგვიჭირდება იმის განსაზღვრა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული საბჭო, თუმცა შეგვიძლია საზოგადოებას მივცეთ პირობა, რომ 12-ვე პუნქტს პირნათლად შევასრულებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც აქამდე არ მომხდარა, ევროკავშირს მეტი პასუხისმგებლობა აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება გეოგრაფიული ფაქტორის მიუხედავად.

„ომს რაც შეეხება, ჩვენ აქ გვაქვს გარკვეული მოლოდინი იმისა... უფრო სწორად, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დეკემბრის ბოლომდე მაინც დასრულდება ომი უკრაინაში.

ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, ასეთ მიღებას, ჯობია, რომ... რა თქმა უნდა, არ ღირს.

ამ ფაქტორს ამ სახით ჩვენ ვერ შევცვლით და არ შევცვლით. ოპოზიცია ამას სიამოვნებით გააკეთება და აკეთებს ყველაფერს ამისთვის, მაგრამ ჩვენ ამაზე არცერთ შემთხვევაში არ წავალთ. იმ შემთხვევაში, თუ ომი უკრაინაში დეკემბრამდე დასრულდება, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც, მათ შორის, საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს იმედი, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დადებითი იქნება.

„ჩვენ შეგვიძლია, ბევრად უფრო ადრე გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თუ უკრაინის შემთხვევაში საუბარია 2050 წელზე, კარგი პრაქტიკა არის ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებიდან დაახლოებით, 12-14 წელიწადი სჭირდება ხოლმე წევრობას. პროგნოზი მონტენეგროსთან და სერბეთთან დაკავშირებით, რაც არის კარგი მაგალითი, არის სწორედ 12-14-წლიანი. შესაბამისად, ჩვენ გვიჩნდება იმის პერსპექტივა, რომ თუ დეკემბერში მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, სადღაც 2032-2034 წლისთვის შეიძლება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. რა თქმა უნდა, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს უფრო ადრე მოხდება, მაგრამ სიმართლეს თვალი რომ გავუსწოროთ, პრაქტიკა ასეთია - სადღაც, 12-14 წელი სჭირდება ხოლმე ამ ყველაფერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ამ თემაზე:

რა გეგმა აქვს „ქართულ ოცნებას“ EU-ის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]