„საარჩევნო ბარიერის საკითხი დგას დღის წესრიგში და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მაღალი ალბათობით, საბოლოოდ, ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება წელს. შეიძლება მოხდეს გაისად, შეიძლება მოხდეს 2024 წელს - ამას გვიჩვენებს პოლიტიკური პროცესები, მათ შორის, ის, თუ რამდენად დგამს ოპოზიცია ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ“, – განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი არავითარ კავშირში არ არის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 12 რეკომენდაციასთან. კობახიძის განმარტებით, ერთ-ერთი რეკომენდაცია მხოლოდ საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს ეხება.
„ზოგადად, დეპოლარიზაციას ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ინიცირებულია. პირიქით, პოლარიზაციაც შეიძლება გამოიწვიოს.
რეალურად 5%-იანი ბარიერი, პროპორციული სისტემა კონსტიტუციით დღესაც არის დადგენილი და რომ არაფერი შეიცვალოს, ორ წელიწადში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, ბარიერი არის 5%-იანი, რომელიც სრულად თავსებადია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან.
რაც შეეხება სუბიექტურ პოლიტიკურ ინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სუბიექტურად მაღალი ბარიერი უფრო მომგებიანია და „ნაცმოძრაობისთვის“ უფრო მომგებიანია დაბალი ბარიერი... რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2%-იანი ბარიერის პირობებშიც, „ნაცმოძრაობა ვერ მობრუნდება ხელისუფლებაში ვერც 2024 წელს, ამას ხალხი არ დაუშვებს, მათ შორის, ჩვენი დახმარებით, მაგრამ, ბუნებრივია, ყველაფრის გათვალისწინებით საარჩევნო ბარიერის საკითხი უნდა იყოს განხილული.
ხაზგასმით ვიტყვი იმას, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ შედარებით მცირე პარტიების მიმართ, რომლებიც პარლამენტში სათანადო პასუხისმგებლობით, კონსტრუქციულად მოქმედებენ. რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ჩვენ შეიძლება გვიბიძგოს უფრო დაბალი ბარიერის ამოქმედებისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს „ნაცმოძრაობას“ აძლევს ძალაუფლების დაბრუნების უფრო მაღალ თეორიულ შანსს“, – აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო ბარიერზე გადაწყვეტილება „მთლიანად პოლიტიკურია“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „წელს კონცენტრირებული იქნებან“ არა ამ თემაზე, არამედ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 12 პუნქტზე.