weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

სანქციების საკითხის გადასაფარად საქართველოში „ეფესბეს“ ჯგუფია მოვლენილი – ვაშაძე

15:12 ხუთშაბათი, 07 ივლისი 2022

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოში მოვლენილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერების გზავნილებზე მუშაობს.

განცხადება ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მან თქვა, „ქართული ოცნებიდან“ სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის წასვლა „ეფესბეს“ დავალება იყო.

„სანქციები მოახლოვდა და არა მარტო ივანიშვილთან, არამედ სხვებთან დაკავშირებითაც. მინდა გაცნობოთ ის საგანგებო ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გახდა ხელმისაწვდომი. სანქციების საკითხის გადასაფარად, სპეციალურად, რუსეთის მხრიდან საქართველოში მოვლენილ იქნა „ეფესბეს“ კონკრეტული ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ოპერატიული ლეგენდა, თითქოს სანქციების დაწესებაზე მუშაობა მიმდინარეობს იმის გამო, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა.

უფრო მეტიც, ამ ოპერატიული ლეგენდის პირველი ფაზა იყო სამი ადამიანის გამოყოფა „ქართული ოცნებიდან“, მაგრამ „ეფესბეს“ მიერ მოვლენილმა სპეციალურმა ჯგუფმა კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ამ სამ ადამიანს ნულოვანი ნდობა აქვს. სწორედ ამიტომ, პირდაპირ, „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიეცათ დავალება „ეფესბეს“ ოპერატიული ლეგენდის მაქსიმალურად, მათივე ენით, მათივე ხმით მიწოდება - კობახიძით დაწყებული სხვებით გაგრძელებული - საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ერთი პერიოდი, ომის დაწყებასთან დაკავშირებით საკითხები იყო ჩაწეული, ახლა ოფიციალურად მომაგრებულები არიან კურატორები „ეფესბეს“ მხრიდან, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლიდერებს ყოველდღიურად უკონტროლებენ გზავნილებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, მისთვის ცნობილია იმ ადამიანების სავარაუდო სახელები და გვარები, ვინც საქართველოს მხრიდან რუსეთის სპეცსამსახურების მესიჯების ქართულად დამუშავებაში არიან ჩართული. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ინფორმაციას ზუსტდება.

„ამ ყველაფრის მიზანია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხიდან ომის თემებზე სასაუბროდ გადაგვიყვანონ. არანაირი ომი საქართველოში არ იქნება. აშშ-ის საელჩომ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მათ უფრო ადრე ჰქონდათ ეს ინფორმაცია, ვიდრე ჩვენ მივიღეთ, რომ სწორედ „ეფესბეში“ იყო დაწერილი თავიდან ბოლომდე ეს ნარატივი. უფრო მეტიც, ძალიან ვწუხვარ, რომ ამერიკის საელჩოს სჭირდება საქართველოს მოქალაქეებისთვის შეხსენება, რომ 1991 წელს და 2008 წელს საქარველოში და 2014 და 2022 წლებში უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო“, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

რამდენიმე დღის წინ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „მზაკვრული ნარატივი“, თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს, „პირდაპირ ეფ ეს ბეს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან მოდის“. ელჩმა თქვა, რომ აშშ არ ცდილობს, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაერთოს და აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, ამ ომის შესაჩერებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]