weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ყაველაშვილი დეგნანს წერილით მიმართავს და აშშ-ის რეპუტაციის „შერყევის“ შესახებ აფრთხილებს

11:29 პარასკევი, 08 ივლისი 2022

პარლამენტის წევრი მიხეილ ყავლეაშვილი, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ იმ მიზეზით წავიდა, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს და საყვედურობს იმის გამო, რომ ქართული ოპოზიციის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების და უკრაინელის პოლიტიკოსების განცხადებებს არ ემიჯნება.

გარდა ამისა, ყაველაშვილი აცხადებს, რომ სრულიად გაუგებარია, რატომ არ ემიჯნება კელი დეგნანი მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნას. ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ „ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს“ და როდესაც ელჩი ამ მოთხოვნას არ ემიჯნება, „ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერს, უარეს შემთხვევაში კი, ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა, სულაც, მისი მოფიქრებულია“.

ყაველაშვილის წერილს, რომელიც პარლამენტმა გამოაქვეყნა, უცვლელად გთავაზობთ:

„ქალბატონო ელჩო, რამდენიმე დღის წინ თქვენ ბრძანეთ, ვინც ამტკიცებს, რომ ამერიკას საქართველოში ომი უნდა, „ეფესბეს“ მზაკვრულ ნარატივს ახმოვანებსო. რა თქმა უნდა, სრულად დაგეთანხმებოდით, რომ არა იმ ადამიანების წარსული და ახლანდელი კავშირები, რომლებიც უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველოში ომის იდეის გაღვივებასა და რეალიზებას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში გაჩაღებული იყო აქტიური კამპანია უკრაინისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის აღმოჩენის შესახებ. სხვადასხვა მხრიდან იყო საქართველოს ომში ჩართვის აქტიური მცდელობა და მე, გუნდის ორ წევრთან ერთად, პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სწორედ ქვეყნისთვის ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მივიღე.

ამ კამპანიის ფარგლებში, კონკრეტული ადამიანები აქტიურად ითხოვდნენ სანქციებთან საქართველოს მიერთებას, რაც ომში ქვეყნის ჩართვის რისკებს, ბუნებრივია, ერთიორად გაზრდიდა. ასევე, ვიცით, რომ სხვადასხვა მხრიდან აქტიურად ითხოვდნენ უკრაინაში ქართველი მოხალისეებით სავსე თვითმფრინავების გაშვებას, რაც სამხედრო კონფლიქტში საქართველოს პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა.

ქალბატონო ელჩო, ამერიკის იმიჯის დასაცავად, კარგი იქნებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელით საჯაროდ განხორციელებულ ამ პროვოკაციებს თქვენ საჯაროდ გამიჯვნოდით. თუმცა, სამწუხაროდ, ამ თემაზე არც ერთი თქვენი გამოსვლა არ მახსენდება. მეტიც, სანქციებზე მიერთების მოთხოვნას საჯაროდაც კი დაუჭირეთ მხარი.

გარდა ამისა, მოგვიანებით, უკრაინაში თქვენმა მთავარმა საყრდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სწორედ სანქციებთან არმიერთებისა და თვითმფრინავის არგაშვების გამო გაიწვია უკრაინის ელჩი საქართველოდან. გათვლა მარტივი იყო: მაშინ პოპულარობის ზენიტში მყოფი ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას ქართულ საზოგადოებაში მღელვარება და რევოლუციური მუხტის შექმნა უნდა გამოეწვია. თუმცა, აღშფოთება მხოლოდ 2-3 საათს გაგრძელდა და გეგმა ჩავარდა. სამწუხაროა, რომ თქვენ არც „პროამერიკელი“ ზელენსკის ამ ყოვლად გაუგებარ გადაწყვეტილებას გაემიჯნეთ, რომელიც, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ომში საქართველოს არჩართვით გამოწვეული უკმაყოფილების გამოხატულება იყო.

მოგვიანებით, ამას მოჰყვა სხვა „პროამერიკელი“ უკრაინელი პოლიტიკოსების – პოდოლიაკის, არესტოვიჩის, გონჩარენკოს, დანილოვის, არახამიას და სხვების განცხადებები, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვისკენ და აფხაზეთსა და ცხინვალზე შეტევისკენ ღიად მოუწოდებდნენ. სამწუხაროდ, არც ამ განცხადებებზე მოგვისმენია თქვენი პოზიცია.

რაც შეეხება ქართველი „პროამერიკელების“ რიტორიკას, პირველ რიგში, საქართველოში ამერიკული ენჯეოების ლიდერს, ეკა გიგაურს გავიხსენებ, რომელმაც ღიად თქვა – „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთო“. როდესაც ლამის საქართველოს მთავარ პროამერიკელად გამოცხადებული ეკა გიგაური ომისკენ ასეთი ღია ტექსტით მოგვიწოდებს, საზოგადოებამ რა უნდა იფიქროს, თავადაც შეგიძლიათ, განსაჯოთ.

რუსთაველზე გამართულ საპროტესტო პოლიტიკურ აქციებზე, რომლებიც უკრაინისთვის „მეტი დახმარების“ გასაწევად იმართებოდა, განსაკუთრებით აქტიურობდა ნინო ლომჯარია, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ომბუდსმენი საელჩოს აქტიური მხარდაჭერის შედეგად გახდა. აქციაზე ლომჯარიამ სანქციებთან არმიერთების შესახებ ღარიბაშვილის განცხადება გააპროტესტა და თქვა, ამ ყველაფერს „ბომბებისგან მიღებული ცეცხლი მირჩევნიაო“. როდესაც ლომჯარია სანქციებზე არმიერთებას ბომბებისგან მიღებულ ცეცხლს ამჯობინებს, ქართველი ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ თქვენი პრიორიტეტიც ზუსტად ეს არის. აქედან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, ლომჯარიას განცხადებასაც გამიჯვნოდით, თუმცა, თქვენი პოზიცია არც ამ შემთხვევაში მოგვისმენია. პირიქით, შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარია დღესაც თქვენი აბსოლუტური ფავორიტია, რომლის დაჯერებისკენაც ხელისუფლებას ყველაზე ხშირად მოუწოდებთ.

იგივე ეხება გიორგი მარგველაშვილს, დავით უსუფაშვილს, თამარ ჩერგოლეიშვილს, მიშა მშვილდაძეს და სხვებს, რომელთა ომში ჩართვისკენ მიმართული რიტორიკა ხალხის თვალში თავიდან ბოლომდე თქვენთან ასოცირდება. და ასეთ დროს, თქვენ რომ ამ ადამიანებს არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ საქართველოს „პროამერიკულ“ საზოგადოებას სწორედ თქვენ ალაპარაკებთ.

ამიტომ, ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა „ეფესბეს“ სახელმძღვანელოებში, არამედ თქვენგან დაფინანსებული თუ თქვენთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან თქვენ არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ.

რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული თუ თქვენს მიერ მოწონებული „ენჯეოები“, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში „ეფესბეს“ ნარატივის გამყარებას, ჩემთვის სრულიად გაუგებარია.

ამ ყველაფერთან პირდაპირ კავშირშია დღევანდელი აქციებიც, რომლებსაც ზუსტად იგივე ხალხი აორგანიზებს, რომლებიც ომის რიტორიკით გამოირჩეოდნენ, სანქციებთან მიერთებისა და თვითმფრინავის ბორტების გაშვებისკენ მოგვიწოდებდნენ და ამ მოთხოვნებით, თებერვალ-მარტში საპროტესტო აქციებსაც აორგანიზებდნენ.

ზუსტად ეს ხალხი დაატრენინგა ომის დაწყებიდან მალევე ამერიკიდან ჩამოსულმა პიტერ აკერმანმა, რომელიც, როგორც ცნობილია, ამერიკის ოფიციალურ სტრუქტურებთანაც მჭიდროდ დაკავშირებული კაცი იყო.

იგივე ადამიანები, რომლებიც „ენჯეოების“ ხაზით, თქვენგან იღებენ სოლიდურ დაფინანსებას, ორიოდე დღის წინაც რუსთაველზე იდგნენ და ბაკურიანის სცენარის მიხედვით, მთავრობის გადადგომის პოლიტიკურ მოთხოვნას აყენებდნენ. ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რატომ უნდა ფიქრობდეს კაცი ხელისუფლების გადატრიალებაზე, ალბათ, ბავშვისთვისაც ადვილი გამოსაცნობია: ყველაფერი ისევ იქითკენ მიდის, რისკენაც თებერვალ-მარტში ღიად მოგვიწოდებდნენ, ანუ ომისკენ.

ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ ემიჯნებით იმ ადამიანების მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შესახებ, რომლებსაც თქვენ აფინანსებთ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ამ ადამიანების ქცევაზე ზემოქმედების სრული ბერკეტი გაქვთ.

როგორც ცნობილია, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერთ, უარეს შემთხვევაში კი, ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა, სულაც, თქვენი მოფიქრებულია.

აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, აუცილებელია, ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნასაც საჯაროდ და მკაფიოდ გაემიჯნოთ, რომ ქართველმა ხალხმა ამერიკაზე ცუდი არ იფიქროს.

ასევე, სრულიად გაუგებარია კანდიდატის თემის ხელოვნური ფორსირება. როგორც ცნობილია, კანდიდატის სტატუსთან არავითარი მატერიალური პრივილეგიები არ არის მიბმული და შესაბამისად, სამ და ექვს თვეში ამ სტატუსის არმიღებით საქართველო არაფერს კარგავს. ანუ თუ სტატუსს მივიღებთ, პრაქტიკულად ხელში არაფერი გვრჩება, ხოლო თუ სტატუსს ვერ მივიღებთ – ქვეყანას რევოლუციით კიდევ ერთხელ დაემუქრებიან. ასეთ დროს, ფორსირებას მხოლოდ ერთი მიზანი, რევოლუციური ფონის ხელოვნურად შექმნა შეიძლება ქონდეს. თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, ფორსირების კამპანიაში თქვენც აქტიურად ჩაერთეთ, რამაც საზოგადოებას დამატებითი კითხვები შეიძლება გაუჩინოს.

რაც მთავარია, დაუშვებელია, ხალხმა იფიქროს, რომ ხელისუფლებაში იმ ხალხის დაბრუნება გსურთ, რომელიც ძალაუფლების მოპოვებისთანავე საქართველოს ომში თვალდახუჭული ჩართავს.

აქვე გავიხსენებ, რომ, სამწუხაროდ, თქვენ დღემდე არც თქვენი ერთ-ერთი წინამორბედის, ამერიკის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის განცხადებას გაემიჯნეთ, რომელმაც თქვენს მიერ თავის დროზე ფილანტროპად წოდებული ბიძინა ივანიშვილი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ოლიგარქად მოიხსენია და დეოლიგარქიზაციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯი გაიმეორა.

„ქართული ოცნება“, თავის სტილში, თავს არიდებს ამ კითხვების დასმას და დარწმუნებული ვარ, ამას მომავალშიც მოერიდება. თუმცა, მე, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს და ამ ქვეყნის ერთ რიგით მოქალაქეს, თავი ვალდებულად მიმაჩნია, ეს კითხვები დაგისვათ.

იმედია, ჩემს კითხვებზე საჯარო და მკაფიო პასუხებს მივიღებ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოში ამერიკის იმიჯს უმძიმესი ზიანი არ მიადგეს.

ქართველმა ხალხმა თუ დაიჯერა, რომ ამერიკას მთავრობის გადატრიალება და ხელისუფლებაში „ომის პარტიის“ მოყვანა სურს, რომელმაც ქვეყანა ომში და ბევრ სხვა უბედურებაში ერთხელ უკვე გახვია, მერწმუნეთ, საქართველოში „ამერიკულმა იდეამ“ სრული გაუფასურება შეიძლება განიცადოს.

ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც თქვენი განცხადებები თუ დუმილი, რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“, – ვკითხულობთ მიხეილ ყაველაშვილის წერილში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]