კვლევის თანახმად, ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში დაახლოებით 4.5 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა მმართველი პარტიის შემომწირველი ან შემომწირველებთან დაკავშირებული 10 კომპანია, რომელმაც 2021 წელს ყველაზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგო. როგორც კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია შპს „არალი“, რომელმაც 62 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელმა, დემეტრე თათეშვილმა მმართველი პარტიის ყულაბაში 50 000 ლარი შეიტანა.
„თათეშვილის კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვების მსხვილი კონტრაქტების მიღებასა და ამ პროცესში კორუფციული რისკების არსებობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ადრეც საუბრობდა“, – ნათქვამია კვლევაში.
მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის იყვნენ შპს „ბონდი-2009“ და შპს „მონოლითი - 2005“ – ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის ნუკრი დოლიძის ორი კომპანია, რომლებმაც 2021 წელს ჯამურად 33 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგეს.
„დოლიძემ და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ოთარ ფუტკარაძემ „ქართული ოცნებას“ ერთობლივად 120 000 ლარი შესწირეს. ნუკრი დოლიძეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინტერესის საგანი პირველად არ გამხდარა.
ყურადღება ასევე მიიქცია შპს-მ „ანაგი“, რომელიც არაერთი მსხვილი სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. ამ კომპანიამ 2021 წელს ჯამურად 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. „ანაგთან“ დაკავშირებულმა პირმა, დავით ანდღულაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა გიორგი ჩიტაშვილმა იმავე წელს მმართველ პარტიას ჯამში 110 000 ლარი შესწირეს“, – ნათქვამია კვლევაში.
მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორები არიან შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ და შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“, რომლებმაც წლის განმავლობაში ჯამში 26 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს. ამ კომპანიების მფლობელმა, ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ჯამში 45 000 ლარი შესწირეს.
ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმო“, ასევე, მოხვდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის.
„ამ კომპანიამ წლის განმავლობაში დაახლოებით 13 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ხოლო ივანიშვილთან და ამ ბიზნეს ჯგუფთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას“ წლის განმავლობაში ჯამში 1 მლნ ლარზე მეტი შესწირეს.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც 10 ყველაზე მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორს შორის მოხვდა, არის შპს „იბოლია“. რომელმაც „ქართულ ოცნებას“ 20 000 ლარი შესწირა. ამ კომპანიის, მისი მფლობელის, პარლამენტის ყოფილი წევრის, იოსებ მაკრახიძის და მისი ოჯახის წევრების კომპანიების მიერ საეჭვო გარემოებებში ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მიღებაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, ასევე არაერთხელ უსაუბრია“, – აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება მმართველი პარტიის შემომწირველების ან მათი კომპანიების მიერ მიღებულ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს, ხუთი ყველაზე მსხვილ ასეთი კომპანიას შორისაა სს „რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო“, რომელმაც წლის განმავლობაში 4 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი მიიღო, ხოლო მისმა დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ მმართველ პარტიას 55 000 ლარი შესწირა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი ერთ, 2.5 მლნ ღირებულების კონტრაქტზე მოდიოდა, რომელიც კომპანიას სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ“ კორონავირუსის ეპიდემიის მართვის ღონისძიებების ფარგლებში გაუფორმა“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.
კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც წლის განმავლობაში დაახლოებით 3 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღო შპს „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი“ იყო. ამ კომპანიის მფლობელმა, მუხამედ ართმელაძემ „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა.