რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „მხოლოდ სატანისტებს შეეძლოთ პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება“. ზახაროვა თავადაც სანქცირებულთ სიაშია. კანადის ხელისუფლებას ის იდენტიფიცირებული ჰყავს როგორც რუსული დეზინფორმაციის აგენტი, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ და დაუსაბუთებელ შეჭრაზე.
გარდა ამისა, კანადამ სანქცირებულთა სიაში გუშინ დაამატა სახელმწიფო ტელეკომპანიის „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ეკატერინა ანდრეევა, კომპანია Yandex-ის ყოფილი ხელმძღვანელი ტიგრან ხუდავერდიანი, „როსკომნადზორის“ უფროსი იური ლიპოვი და მისი მოადგილეები. სანქციები დაწესდა ახალი ამბების სააგენტო REGNUM-ისა და კომუნიკაციების ზედამხედველობის რუსეთის ფედერალური სამსახურის („როსკომნადზორი“) წინააღმდეგაც.