weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჰარცელი: მაშინებს რომ EU-ის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას ცდილობენ

22:43 შაბათი, 09 ივლისი 2022

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროპული ინსტიტუტების კრიტიკის შესახებ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ შეუძლია პატივისცემით გაუგოს ყველას, ვინც სასოწარკვეთილია არსებული სიტუაციით და უფრო სწრაფად სურს წინსვლა.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ მთავარია, იმედგაცრუება გამოყენებული იქნას, როგორც სტიმული, რათა საქართველომ ევროკავშირის ინსტიტუტებს დაუმტკიცოს, რომ ისინი საკუთარ დამოკიდებულებასა და შეშფოთებაში ცდებიან და რაც მთავარია, თავისი პრო-ევროპული დღის წესრიგი დააწინაუროს.

„რაც მე მაშინებს არის ის, რომ ისინი, ვინც ზოგჯერ აკრიტიკებენ ან ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, აშკარად ცდილობენ ამით საქართველოს წინსვლისადმი ევროკავშირის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას.

კრიტიკის ეს კატეგორია, ჩემი აზრით, ცინიკურია და რაც მთავარია, საზიანოა საქართველოსთვის და ასევე საზიანოა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ევროკავშირისკენ სვლისთვის კარი ღიაა და ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა.

„ეს ასევე არის ქვეყანა, რომელმაც წარსულში მიაღწია და გააფორმა ხელშეკრულებები ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმის შესახებ. ჩვენ იმ დღეებში დიდი ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ქვეყანა რომელსაც რეალურად შესწევს უნარი, გააკეთოს საქმე. ეს უნარი ცხადად ჩანს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია, არის ის, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს. ეს უზარმაზარი ძალაა. ეს, ჩემი აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ საბოლოო ჯამში, საქართველო შეუჩერებელი იქნება. შეკითხვა უბრალოდ იმაში მდგომარეობს, თუ ეს როდის და როგორ მოხდება“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა აღიარა. გარდა ამისა, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც მიანიჭა. ევროპული საბჭო მზადაა, საქართველოსაც მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული 12 რეკომენდაცია შესრულდება. ევროკომისია საქართველოს პროგრესს დააკვირდება და 2022 წლის ბოლოსთვის საკუთარ ანგარიშს მოამზადებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]