weather cur horoscope tv
აგვისტო 18, 2022

„ქართულ ოცნებას“ ახალციხის და თერჯოლის საკრებულოების წევრებიც გამოეყვნენ

14:40 ორშაბათი, 11 ივლისი 2022
 ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილი ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილი

ლაგოდეხისა და ჭიათურის საკრებულოს წევრების შემდეგ, „ქართულ ოცნება“ და თანამდებობები ახალციხისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების საკრებულოების დეპუტატებმაც დატოვეს. განცხადებები მათაც სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

როგორც ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საბა კბილაშვილი ამბობს, არ უნდა, საქართველო დამოუკიდებლობისთვის დაისაჯოს.

„ვიცი, რა დღეშიც არიან ჩვენი პარტიის ლიდერები, როგორ იბრძვიან ამ ქვეყნისთვის, რას უძლებენ და რა სირთულეები აქვთ იმის მიღმა, რაც ტელევიზორში ჩანს. რუსეთისკენ გამხედავი ეგ ხალხი, ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა თავის ცხოვრებაში არ არის (თუ „ნაცები“ არ დაბრუნდნენ და გინებ-გინებით ისევ რუსების საქმე არ აკეთეს) და დასავლეთიდან თუ ისეთი დამოკიდებულება იქნა, რაც ელჩის მხრიდან ყაველაშვილის მისამართით ვნახეთ, ალბათ ხვდებით სირთულის მასშტაბს.

ფაქტი ერთია: ასეთი დამოუკიდებელი ჩემი ქვეყანა არასდროს ყოფილა და არ მინდა, ამისთვის დაისაჯოს!

ქართველებმა ზუსტად ვიცით ვინ არის მტერი, ოკუპანტი და ვინ მოყვარე, მაგრამ მოყვრობაში თავმოყვარეობაზე უარის თქმა და სულში ხელების ფათური არავინ უნდა მოგვთხოვოს. ეს სათქმელია და ამისი თქმა მარტივი არ არის. არც ჩემგან გამოდის თუ ამ გუნდში დავრჩი“, – აცხადებს კბილაშვილი.

მისი თქმით, „ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა, როგორც ეს სამმა პარლამენტარმა გააკეთა“.

„რასაც ვხვდები, ვინც პირველად ეს ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, ღმერთმა არ ქნას, რომ მათ რაც იციან, ყველაფრის თქმა დასჭირდეთ. თუ მაინც საჭირო გახდა, მეც მათ გვერდით ვიქნები!“, – აცხადებს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ომარ ჯიხვაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკას უერთდება და აცხადებს, რომ ელჩმა დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.

„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების - ყველას გვახსოვს ხო? ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს! როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები ჭირდება.

ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოსწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს ცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა.

თუ რამოდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა მათ რიგში ვიყო. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას“, – ამბობს ომარ ჯიხვაშვილი.

საკრებულოს წევრებს შორის პირველი, ვინც „ქართულ ოცნებას“ გამოეყო ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღამბაშიძე იყო. მან დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და სხვა საკრებულოების წევრებსაც მოუწოდა, მიბაძონ, თუმცა ისე არ გააკეთონ, რომ „რომელიმე რაიონში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგოს“.

„ამ ჩემს ქართულ ოცნებაში არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს, ისე აყენებს მძიმე შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრს მიშა ყაველაშვილს. პირადად ჩემთვის ეს საგანგაშო ამბავი და წითელი ხაზია“, – განაცხადა ღამბაშიძემ და ელჩ კელი დეგნანს მიმართა, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილში დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცეს.

გიორგი ღამბაშიძის შემდეგ, „ქართული ოცნებიდან“ და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ჭიათურის საკრებულოს წევრმა, ნიკა სამხარაძემ განაცხადა.

28 ივნისს, „ქართული ოცნების“ ფრაქცია და პარლამენტში დაკავებული თანამდებობები მმართველი პარტიის სამმა წევრმა – სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ დატოვეს. როგორც მათ განმარტეს, პარტიის სხვა წევრებთან უთანხმოება ჰქონდათ იმაზე, თუ რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია. ამის შემდეგ დეპუტატებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც წერენ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე მიანიჭებენ, „თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა“.

მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს ღია წერილითაც მიმართა. მან უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ელჩი ქართული ოპოზიციის ნაწილის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების და უკრაინელის პოლიტიკოსების განცხადებებს, მათ შორის, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის მოთხოვნას არ გაემიჯნა. მისი თქმით, ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა „ეფესბეს“ სახელმძღვანელოებში, არამედ აშშ-სგან დაფინანსებული თუ მასთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან ელჩის არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ.

„როგორც ცნობილია, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერთ, უარეს შემთხვევაში კი, ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა, სულაც, თქვენი მოფიქრებულია“, – წერდა ყაველაშვილი.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის პასუხი იყო, რომ მიხეილ ყაველაშვილის წერილი ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით არის სავსე და ის ბოლომდე ვერ წაიკითხა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]