weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვოლსკი დეოლიგარქიზაციაზე: შეტევაა ბიძინა ივანიშვილსა და მის პროექტებზე

18:52 სამშაბათი, 12 ივლისი 2022

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ დეოლიგარქიზაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ მიზანი ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა და ბიძინა ივანიშვილი ამ გზაზე „მთავარ ხელის შემშლელ პირობად“ ეგულებათ.

ვოლსკის თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის დღევანდელ წერილში იმ რეალობას აღწერს, რომელსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი და ევროპარლამენტართა დიდი ჯგუფი დაუპირისპირდა.

„ეს პრობლემა დიდი ხანია გასცდა საქართველოს საზღვრებს და რასაკვირველია, საზოგადოებას და არამარტო ქართულ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ მთავრი: ბიძინა ივანიშვილი ეს არის ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, როგორც კი ბიზნესში მცირე წარმატებას მიაღწია, საქართველოზე ზრუნვა დაიწყო. ეს არის ადამიანი, რომელიც ასე ფიქრობს, ასე გაიზარდა, ასეთი დამოკიდებულება აქვს ქვეყნის მიმართ, ხალხის მიმართ და თუ სხვაზე მეტი რესურსი გააჩნია, ესეც თავისი შრომით აქვს მოტანილი.

ეს ცოტა ემოციური ნაწილი გითხარით, მაგრამ არის მეორე საკითხიც, რომელიც არ ჩანს. დღეს ლობისტების და ასევე, გარკვეული რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების ლოზუნგია, რომ არ მისცენ ბიძინა ივანიშვილს საშუალება, განახორციელოს პროექტები, იმიტომ, რომ თუ ის წყალტუბო ააშენა, აბასთუმნის რეაბილიტაცია მოახდინა, თუკი ტყის დაზიანებული საფარი შეცვალა, ადრონული თერაპიის ცენტრი გახსნა, რომლითაც ათასობით ადამიანი მიიღებს შვებას... არ მისცენ საშუალება პროექტების განხორციელების და აქ არის საკმაოდ პრაგმატული დამოკიდებულება: გადართვა ამ დეოლიგარქიზაციის საკითხზე და ამ თემაში ბიძინა ივანიშვილის გასვრა ემსახურება ერთადერთ მიზანს - ხელისუფლება როგორმე ხელში ჩაიგდონ. ბიძინა ივანიშვილი ამ გზაზე ეგულებათ მთავარ ხელის შემშლელ პირობად. აქედან გამომდინარეობს მასზე მიტანილი შეტევა, ვინაიდან ადამიანის მიერ ამდენი რამ თუ გაკეთდა, ვისი პოლიტიკური სიმპათიებიც გარკვეულია და ყველამ იცის, თუმცა სააკაშვილის მმართველოს პერიოდშიც არანაკლები სიკეთე უთესია ამ ადამიანს... აქედან გამომდინარეობს ეს ვითომ წარმოქმნა ამ ოლიგარქიული თუ ანტიოლიგარქიული კანონმდებლობის და ა.შ.

ბიძინა ივანიშვილზეა შეტევა, მის პროექტებზეა შეტევა იმისთვის, რათა ოდესმე, უახლოეს პერიოდში რევილუცია თუ არ მოხდება, ყოველ შემთხვევაში, უპირატესობა მოიპოვონ პოლიტიკურ ველზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც ის ამბობს, რევოლუციის იდეას საზოგადოების დიდი ნაწილი არ იზიარებს და ეს ბოლო პერიოდის მოვლენებმაც დაგვანახა

„გამწარებული საზოგადოება, რომელიც გვერდზე უდგას მაქარაშვილს და დიღმელაშვილს, არ ჩანს - მნიშვნელოვანწილად იმიტომ, რომ არსებობს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემა, საქველმოქმედო უშველებელი აქციები და იგი იქნება თუ არ იქნება პოლიტიკაში - და გარწმუნებთ, რომ არ არის - რასაკვირველია, ეს უქმნის საფრთხეს იმ რევოლუციური სტრატეგიის განვითარებას, რომელიც ზოგიერთ ცხელ თავს გააჩნია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროპული კომისიის მიერ განსაზღვრულ იმ 12 პირობას შორის, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ამ თემას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ვრცელი წერილით გამოეხმაურა, სადაც ის წერს, რომ ოლიგარქიული მმართველობის შესახებ ბრალდება ყალბია, დეოლიგარქიზაციაზე საუბარი კი შეურაცხმყოფელი. პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის კარნახით არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]