მიხაელ რუპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც რიგი პრიორიტეტები შესრულდება.
„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, როდესაც რიგი პრიორიტეტები შესრულდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დაჟინებით ვითხოვთ, რომ საქართველომ ამ პრიორიტეტებზე ბევრი, ღრმად და საფუძვლიანად იმუშაოს. ამიტომ, ფრთხილი მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა ქვეყნის დეპოლარიზაციის მცდელობებში და რეფორმებზე სამუშაოდ საერთო მაგიდასთან მისვლაში. ასე რომ, ჩვენ გვთხოვეს, ევროსაბჭომ გვთხოვა, რომ ამ პრიორიტეტებზე ანგარიში წარვადგინოთ 2023 წლის გაფართოების პაკეტში.
ეს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას მისცემს საკმარის დროს ამ პრიორიტეტებზე საფუძვლიანად მუშაობისთვის“, – განაცხადა კომისიის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ევროკომისია მზად არის, ქვეყანას ყველა დონეზე და ყველა ინსტრუმენტით დაეხმაროს ამ პრიორიტეტების შესასრულებლად.
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა ევროკომისიის 17 ივნისის მოსაზრება/დასკვნა, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას არ აძლევდა.
ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, საქართველოსაც მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები/პირობები შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლო რეფორმის გატარება, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა.
ევროკომისიის დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ კომისია საქართველოს პროგრესს დააკვირდებოდა და 2022 წლის ბოლოსთვის საკუთარ ანგარიშს მოამზადებდა.