weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იოსელიანი: დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციისთვის ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს

19:10 ხუთშაბათი, 14 ივლისი 2022

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, პარლამენტის წევრი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობაა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს.

იოსელიანის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება კარგია და მხარს უჭერს ასეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობას, მაგრამ კანონი ვერ გავრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, რადგან ის პოლიტიკაში ფორმალურად არ მონაწილეობს.

„შეიძლება პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის მისაღწევად (ორივე 12 პუნქტის ნაწილია) ვიღაცისთვის ოლიგარქი, ვიღაცისთვის პოლიტიკური ლიდერი, ვიღაცისთვის მეცენატი - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. ესაა ერთდერთი სწორი გამოსავალი დღეს შექმნილ სიტუაციაში, როდესაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და რიტორიკა გახდა არაპროგნოზირებადი და დამაბნეველი მისივე მომხრეებშიც კი.

იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდეს, პასუხისმგებელი პროცესებზე უნდა იყოს ის, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.

იოსელიანი ფიქრობს, რომ მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს არ აქვს პოტენციალი წინააღმდეგობა გაუწიოს ბიძინა ივანიშვილის სურვილს, არაფორმალურად ჩაერიოს პოლიტიკურ პროცესში, ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში.

თეორიული შანსიც კი არ არსებობს, რომ ის თუ მოინდომებს გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე, ვინმე შეძლებს მისთვის წინააღმდეგობის გაწევას“, – აღნიშნავს იოსელიანი.

დეპუტატის თქმით, შექმნილი ვითარება არ იძლევა საშუალებას შეიქმნას მყარი პოლიტიკური სისტემა, სადაც პასუხისმგებლობა და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულება განსაზღვრავს პოლიტიკოსის წარმატებასაც და წარუმატებლობასაც.

„დეოლიგარქიზაციის მიზნის მიღწევასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ესაჭიროება მის პოლიტიკურ გუნდსაც, რომლისთვისაც მასთან კომუნიკაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია პასუხი გაეცეს კითხვებს, რომელიც არა მარტო საზოგადოებაში, არამედ მის მომხრეებშიც არსებობს, მაგალითად რატომაა ბოლო დროს ანტიდასავლური რიტორიკა ასე მოდაში? ან რა გახდა რამდენიმე კაცის სასამართლოდან ჩამოშორება და ამით სისტემის გაჯანსაღების დაწყება და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სჭირდება ასევე ოპოზიციას, რომელიც „ოცნების“ შეცდომებთან ერთად, საკუთარ შეცდომებსაც ბიძინა ივანიშვილს აბრალებს და იშვიათად ცდილობს პრობლემის საკუთარ თავში დანახვას.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აღმოფხვრის იმ მახინჯ პრაქტიკას, როდესაც პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში პრემიერების შეცვლა „აგვარებს“ ყველანაირ პრობლემას და ყველაფერი ისევ ისე გრძელდება“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.

დეპუტატის თქმით, იმისთვის, რომ საქართველოში თანამედროვე პარტიული ევროპული სისტემა ჩამოყალიბდეს, აუცილებელია პოლიტიკურ მოედანზე რეალური მოთამაშეები იყვნენ და არა ვიყოთ იმ მდგომარეობაში როდესაც მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც საკუთრ წარმატებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს

რეალური პოლიტიკური პროცესი მაშინ დაიწყება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დღის სინათლეზე გამოვა, ოპოზიცია ოპონირებაში დაამარცხებს და არჩევნების გზით შეძლებს ხელისუფლების შეცვლას“, – ნათქვამია ლევან იოსელიანის განცხადებაში.

დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ იმ 12 პირობას შორის, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ამ თემას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორი დღის წინ ვრცელი წერილით გამოეხმაურა, სადაც წერს, რომ ოლიგარქიული მმართველობის შესახებ ბრალდება ყალბია, დეოლიგარქიზაციაზე საუბარი კი შეურაცხმყოფელი. პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის კარნახით არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს.

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]