weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რას გულისხმობს შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ აშშ-ის კონგრესში ინიცირებული კანონპროექტი

12:40 პარასკევი, 15 ივლისი 2022
სენატორი ჯინ შაჰინი სენატორი ჯინ შაჰინი

აშშ-ის კონგრესში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციას ავალებს შეიმუშავოს შავი ზღვის რეგიონის განვითარებისა და უსაფრთხოების სტრატეგია, რომლის მიზანი სამხედრო დახმარების და NATO-სთან და ევროკავშირთან კოორდინაციის გაზრდა, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება, უსაფრთხოების დახმარების გაფართოება და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების დემოკრატიის მდგრადობის მხარდაჭერა უნდა იყოს.

კანონპროექტის ავტორები დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები - ჯინ შაჰინი და მიტ რომნი არიან. ისინი აღნიშნავენ, რომ შავი ზღვის რეგიონს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთისთვის.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ შავი ზღვის რეგიონი, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარეობს, მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონაა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, 2008 წელს კი საქართველოში შეიჭრა, სადაც რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ აქვს უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიები.

„მას შემდეგ, რაც 2008 წლიდან შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ინტერვენციები დაიწყო, რუსეთის ფედერაცია მუდმივად იღებს ჰიბრიდულ ზომებს რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაციისთვის მავნე გავლენის კამპანიების მეშვეობით.

რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებულმა ომმა უკრაინაში ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის“, – ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტის მიხედვით, სტრატეგიის შემუშავების ინიციატივას შემდეგი მიზნები და ამოცანები აქვს:

  • შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოებისთვის უსაფრთხოების დახმარების ქმედითი და ეფექტური მიწოდების უზრუნველყობა. პრიორიტეტი მიენიჭება დახმარებას, რომელიც გააძლიერებს ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ თავდაცვას და NATO-ს ძალებთან თავსებადობას;
  • რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ევროპასთან ინტეგრაციისთვის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაძლიერება. რუსეთზე მათი დამოკიდებულების შემცირება ენერგეტიკის დივერსიფიკაციის მხარდაჭერით;
  • რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენის შერბილება შავი ზღვის ქვეყნებზე. აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შეერთებული შტატების ბიზნეს კავშირების გაძლიერება;
  • შეერთებულ შტატებსა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის მაღალი დონის საქმიანობის გაზრდა, ეკონომიკური ზრდის გაძლიერება, ხარისხიანი ინფრასტრუქტურის დაფინანსება და ვაჭრობის გაძლიერება მაღალი დონის ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე ფოკუსით;
  • ევროკავშირთან და NATO-სთან კოორდინაციის გაზრდა მაქსიმალური ეფექტურობისა და დუბლირების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

უსაფრთხოების მიმართულებით სტრატეგია, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მოიცავდეს:

  • შავი ზღვის ქვეყნების, განსაკუთრებით უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთისა და საქართველოს მიმართ სამხედრო დახმარების გაზრდის სტრატეგიას;
  • შავ ზღვაზე ერთობლივი, მრავალეროვნული შტაბის შექმნის მნიშვნელობის შეფასებას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დაგეგმვაზე, მზადყოფნაზე, წვრთნებზე და ყველა სამხედრო აქტივობის კოორდინაციაზე შავი ზღვის დიდ რეგიონში;
  • სტრატეგიას შავი ზღვის რეგიონში NATO-ს ყოფნის და შესაძლებლობების (მათ შორის სახმელეთო და საჰაერო ძალებში) გაზრდის შესახებ;

დემოკრატიის მდგრადობის მიმართულებით სტრატეგია უნდა შეიცავდეს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა: დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება და შავი ზღვის რეგიონში რუსეთის პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა.

კანონპროექტში ნათქმავია, რომ მისი ამოქმედებიდან არაუგვიანეს 360 დღეში, შესაბამისმა უწყებებმა უნდა განსაზღვრონ საჭირო პროგრამები, პოლიტიკა ან საბიუჯეტო რესურსები, რომელიც საჭირო იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის განხორციელების მხარდასაჭერად 2024, 2025 და 2026 წლებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ინიცირებული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]