weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

სოსო გოგაშვილი: 2021 წლის არჩევნებში უშუალოდ დავეჯახე ბინძურ სისტემას, საიდანაც გამოვედი

14:17 პარასკევი, 15 ივლისი 2022
არქივის ფოტო: სოსო გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს არქივის ფოტო: სოსო გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, გია გაჩეჩილაძის („უცნობი“) მიერ ჟურნალისტების საუბრის ფარული აუდიოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, განცხადებას ავრცელებს. ჩანაწერის მიხედვით, გოგაშვილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების წყარო იყო.

სოციალურ ქსელში სოსო გოგაშვილი წერს, რომ მტკიცებულებები მისთვის მანამდეც ცნობილი და ხელმისაწვდომი იყო, თუმცა 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს „დამატებით გამოვლინდა და მოპოვებული იქნა ძალიან ბევრი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ყალბდება არჩევნები“ და გადაწყვიტა „ეს სამუდამოდ დაემთავრებინა“.

„ამ კონკრეტულ არჩევნებში მე უშუალოდ დავეჯახე ბინძურ სისტემას (საიდანაც გამოვედი) მეორე მხრიდან. გადავწყვიტე და მოვემზადე ფსიქოლოგიურად, მორალურად და ფიზიკურადაც, რომ მეც მეგო პასუხი კანონის წინაშე ყველაფერ იმაზე, რა უკანონობის მონაწილეც იქამდე გავხდი“, – აცხადებს გოგაშვილი.

მისი თქმით, ქვეყნის შიგნით და გარეთ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთაც მტკიცებულებები წარუდგინა.

„ადამიანები, რომლებიც მისმენდნენ და ნახულობდნენ ჩემს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ნანახით შოკირებულნი იყვნენ. ნახეს ის, რაც არ უნახავთ და მხოლოდ ყურმოკვრით ან მტკიცებულებების გარეშე მოუსმენიათ.

ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ. ასევე დავაკავშირე სხვა თვითმხილველები და მოწმეები, როგორც მედიას, ასევე სხვა ორგანიზაციებს.

2021 წლის შემოდგომაზე მედიასაშუალებებმა გააშუქეს არჩევნების გაყალბების ფაქტები, ნაწილობრივ“, – ამბობს გოგაშვილი.

მისივე თქმით, „უცნობის“ მიერ გასაჯაროებული სავარაუდოდ უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ერთ-ერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს ასახავდა.

„ეს რატომ გააკეთეთ? რაღაცამ აგჭრათ…? ე.წ. ქოცებო კარგად წაიკითხეთ ეს ტექსტი და ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ „იმასთან“, თორემ სხვა არაფერი აღარ გიშველით . ბოლო ორი დღეა ქვეყანა აალაპარაკეთ ჩემთვის კარგად ნაცნობი თქვენი პრაქტიკის, ტიპიური გრუს-ული სცენარის გარშემო. მაგის მეტი რა გიკეთებიათ და რის მომსწრე აღარ ვარ, მაგრამ რაღაც ნაჩქარევად ხომ არ გამოგივიდათ?

ზუსტად ვიცი, რა სიბინძურეს ხარშავთ. აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. 

ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას (დიდსაც და პატარასაც) თქვენ თქვენი წილი და ამ ახალმოხარშულ სიმყრალესაც მე ვეღარ შემტენით.

ხომ მიწამებთ უკვე ამდენი წელია ოჯახის წევრებს და ხომ შეიწირეთ მათი ჯანმრთელობა, მაგრამ ჩემი 10 წლის პეტრეს თმის გაჭაღარავებას უკვე აღარ გაპატიებთ თქვე უბინძურესებო! აბა მიდით, იმოქმედეთ. გელოდებით…“, – წერს სოსო გოგაშვილი.

13 ივლისს, გია გაჩეჩილაძემ, რომელსაც ტელეკომპანია „მაესტროზე“ გადაცემა „აი უცნობი“ მიჰყავს, გაასაჯაროვა „მთავარი არხის“ სამუშაო ოთახში სავარაუდოდ უკანონო მოსმენის შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერი, სადაც გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას, პროდიუსერ ეკა სარიას და ჟურნალისტების - გიორგი გვიშიანისა და ლაშა კვესილაძის საუბარი ისმის. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ „მთავარი არხის“ და სხვა კრიტიკული ტელეკომპანიების წყარო - „საიდუმლო წყარო სუსიდან“ სოსო გოგაშვილი იყო.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ჩანაწერი შეიცავს 2021 წლის ნოემბერში, ტელეკომპანიის შენობაში შემდგარი რეალური საუბრის ფრაგმენტებს, თუმცა „მონტაჟის კვალი შეიმჩნევა“. გაბუნიამ, რომელიც თავადაც ფიგურირებს ჩანაწერში, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საელჩოებს მოუწოდა, „მთავარი არხში“ ჟურნალისტებზე თვალთვალის ამ ფაქტით დაინტერესდნენ და სათანადო რეაგირება მოახდინონ.

 

ამ თემაზე:

„მთავარი არხის“ ჟურნალისტების ფარულ მოსმენაზე გამოძიება დაიწყო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]