weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახალხო დამცველი: მიყურადების პრაქტიკის მიზანი ჟურნალისტების დაშინებაა

18:13 პარასკევი, 15 ივლისი 2022

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ტელეკომპანია „მთავრი არხის“ ჟურნალისტების შესაძლო უნებართვო მიყურადების და ჩაწერის შესახებ ცნობებს შემაშფოთებლად მიიჩნევს.

სახალხო დამცველის შეფასებით, კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენლების არაკანონიერ მიყურადებას ნეგატიური გავლენა აქვს ბოლო პერიოდში მედიის თავისუფლების ისედაც გაუარესებულ ხარისხზე.

„ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებოა მედიის წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში შექმნილი საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, ისევე როგორც მაუწყებლის პროგრამების შინაარსის გაუმართლებელი კონტროლი.

მედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკას მსუსხავი ეფექტი აქვს ჟურნალისტების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე და მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და მათი საქმიანობის ხელშეშლას.

აღნიშნული მავნე პრაქტიკა განსაკუთრებით სახიფათოა საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის, სადაც წყაროს კონფიდენციალურობის დაცვა დამატებით მნიშვნელობას იძენს.

ჟურნალისტებთან კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევამ შესაძლოა, აიძულოს პოტენციური მამხილებელი, თავი შეიკავოს მედიასთან თანამშრომლობისგან, რაც საბოლოოდ, საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი საკითხების საზოგადოებრივი ზედამხედველობის მიღმა დარჩენის საფრთხეს ქმნის“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ აქტიურად მიადევნებს თვალს „მთავარი არხის“ თანამშრომლების შესაძლო მიყურადების ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს საზოგადოების პერიოდული, პროაქტიული ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

13 ივლისს, გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“), რომელსაც ტელეკომპანია „მაესტროზე“ გადაცემა „აი უცნობი“ მიჰყავს, გაასაჯაროვა „მთავარი არხის“ სამუშაო ოთახში სავარაუდოდ უკანონო მოსმენის შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერი, სადაც გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას, პროდიუსერ ეკა სარიას და ჟურნალისტების - გიორგი გვიშიანისა და ლაშა კვესილაძის საუბარი ისმის. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ „მთავარი არხის“ და სხვა კრიტიკული ტელეკომპანიების წყარო - „საიდუმლო წყარო სუსიდან“ სოსო გოგაშვილი იყო.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ჩანაწერი შეიცავს 2021 წლის ნოემბერში, ტელეკომპანიის შენობაში შემდგარი რეალური საუბრის ფრაგმენტებს, თუმცა „მონტაჟის კვალი შეიმჩნევა“. გაბუნიამ, რომელიც თავადაც ფიგურირებს ჩანაწერში, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საელჩოებს მოუწოდა, „მთავარი არხში“ ჟურნალისტებზე თვალთვალის ამ ფაქტით დაინტერესდნენ და სათანადო რეაგირება მოახდინონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]