„ძალიან რბილად რომ შევაფასოთ, ეს არის სრულიად ალოგიკური, არათანმიმდევრული და შეუსაბამო უპირველეს ყოვლისა, 12-პუნქტიან გეგმასთან და 12-პუნქტიანი გეგმის სულისკვეთებასთან, ვინაიდან პირველივე პუნქტი მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა, დეპოლარიზაციაზე მხარეებმა იმუშაონ. მთელი არსი ისაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად დაჯდომა და საკითხების განხილვა, მომზადება უნდა შეძლონ. საკითხები ჯერ ჩვენ უნდა განგვეხილა მრგვალ მაგიდასთან, გვემსჯელა და ისე გაგვეტანა პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილმა რიგგარეშე სესიის მოწვევის გამო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა და თქვა, რომ დეპოლარიზაციის ნაცვლად, „ახლა ხელს უწყობს, რომ ამ ყველაფერმა პოლიტიკური სახე მიიღოს“.
„პოლიტიკური შეფასება უკვე ყველას მხრიდან გაკეთებულია – რომ გვაქვს 12 პუნქტი და ისინი შესასრულებელია. ამას სჭირდება მუშაობა და არა ტრიბუნა.
12 პუნქტიდან გამომდინარე როგორც კი დაგვჭირდება საკითხებზე სესია, ამას ვერავინ დაგვასწრებს, რადგან ეს საქმეზეა დამოკიდებული. ასეთი მოცემულობა გვაქვს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას ამ შოუში.
შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას 12 პუნქტის თითოეულ პუნქტზე და მომდევნო კვირას ველოდებით ოპოზიციას ანტიოლიგარქიული საკითხების შესაბამის ფორმატში განსახილველად“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
პრეზიდენტმა დააკმაყოფილა საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა და პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან მოიწვია. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ახლა გამართლებული არ არის შესვენება“.