weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

5 დეპუტატი „ოცნებას“ მოუწოდებს „დეზინფორმაციის და ანტიდასავლურ კამპანიაზე“ ხელი აიღოს

10:14 ორშაბათი, 18 ივლისი 2022

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა - თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ, ანა ბუჩუკურმა და ანა ნაცვლიშვილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ემიჯნებიან და მკაცრად გმობენ „ქართული ოცნების“ და რიგი დეპუტატების მხრიდან წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას. მათი თქმით, ანტიდასავლური კამპანია ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიურადაა მიმართული საქართველოში აშშ-ის ელჩზე და საქართველოს მეგობარ ევროპარლამენტარებზე.

„ანტიდასავლური რიტორიკა განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენა (ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით), ხოლო ევროპის საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად სისტემური რეფორმების გატარება დაუყენა (12 პუნქტის სახით).

შედეგად, ვიხილეთ „ქართული ოცნების“ ორმაგი სახე, რომელიც ერთის მხრივ ხედავს რა მოსახლეობის ნებას გახდეს ევროკავშირის წევრი, აცხადებს რომ ქვეყნის დასავლური კურსი უცვლელია, თუმცა იმავდროულად კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარის რეალურ მიზეზებს - დემოკრატიულ უკუსვლას და რეფორმების არარსებობას - არ აღიარებს; რეალური მიზეზების გადასაფარად, სახელისუფლებო პარტია აქტიურად აწარმოებს დეზინფორმაციას - ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას ომში ჩაურთველობით ხსნის და ღიად თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რაც სიცრუე და რუსული პროპაგანდაა. ეს სიცრუე გათვლილია იმ მოქალაქეებზე, ვისაც ნაკლები ინფორმაცია აქვს დღეს დასავლეთის პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში არსებულ პოზიციებზე, რომელიც არათუ არ ითხოვს საქართველოს ომში ჩართვას, არამედ აქტიურადაა მიმართული საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად და დასაცავად რუსეთისგან“, – აცხადებენ დეპუტატები.

მათივე თქმით, მმართველი პარტიის და მისგან ე.წ. განდგომილების მხრიდან წარმოებული იდენტური დეზინფორმაციული კამპანიები ქმნის საფრთხეს, საქართველოს დააკარგვინოს სტრატეგიული მეგობრები, დააბნიოს პარტნიორები და შეასუსტოს მათი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

„მეტიც, აღნიშნული წარმოადგენს არამხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული საგარეო კურსის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ სვლას, რომლის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ასევე ქმნის რისკებს რომ საქართველო მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში.

ამგვარი მოქმედებებით მმართველი პარტია ართმევს მოსახლეობას შესაძლებლობას იცხოვროს ევროპული ტიპის ქვეყანაში, სადაც თითოეული მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებული უფლება, კეთილდღეობა და უსაფრთხოება დაცულია. ამავდროულად, მმართველი პარტია უზარმაზარი დატყმის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ვინაიდან საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა და მეგობრების გარეშე დარჩენა საქართველოს მარტო დატოვებს ოკუპანტი რუსეთის პირისპირ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს კრიტიკულ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მეგობრობის ხელი გამოუწოდა ჯერ კიდევ 1992 წელს. იმ დროიდან, როცა რუსეთმა დაიწყო განგრძობითი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ეს დახმარება დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჯამში შეადგენს 5 მილიარდ დოლარამდე ფინანსურ რესურსს და მრავალ წარმატებულ დარგობრივ პროგრამას. აშშ-ის დახმარება ეფუძნება საერთო ღირებულებებს და მისი მიზანია საქართველო გახდეს შემდგარი, ძლიერი და თავისუფალი ქვეყანა.

შესაბამისად, ანტიდასავლური ძალები ამაოდ ცდილობენ დასავლეთის რეკომენდაციები იმავე ტიპის მოვლენად წარმოადგინონ, როგორიც მოსკოვიდან წამოსული სიგნალებია. ამ უკანასკნელთა მიღმა რომ უხეში სამხედრო ძალა, ქალაქების ნგრევა და ადამიანთა სიკვდილი იმალება, ეს აჩვენა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს და უკრაინაში დღევანდელმა ომებმაც.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ხელი აიღოს დეზინფორმაციის და ანტიდასავლური კამპანიის წარმოებისგან, გადმოერთოს საქმიან რეჟიმზე და დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ამ მიზნით გასულ კვირას ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ რიგგარეშე სესიას პარლამენტში. აღნიშნული ინიციატივა ფართოდ მხარდაჭერილია სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების მხრიდან. ინიციატივა გაიზიარა საქართველოს პრეზიდენტმაც და 18 ივლისიდან მოიწვია რიგგარეშე სესია. ჩვენი ინიციატივის მიზანია პარლამენტმა დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რაც იქნება პოლიტიკური ნების დემონსტრირება 12 პუნქტის ირგვლივ მუშაობისთვის რეალურ მზადყოფნაზე.

ასევე მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, არასამთავრობო სექტორს და პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს, არ დავუშვათ ქვეყნის კურსის ცვლილება და ერთად ვიბრძოლოთ იმ არჩევანის დასაცავად, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს საუკუნეების წინ და რისი განხორციელების შესაძლებლობა როგორც არასდროს, ისე ახლოა“, – ვკითხულობთ ხუთი დეპუტატის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]