weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართული ოცნება“ პარლამენტის რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს და ჩაშლის

12:55 ორშაბათი, 18 ივლისი 2022
გივი მიქანაძე გივი მიქანაძე

„ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრები პრეზიდენტის მიერ მოწვეულ პარლამენტის რიგგარეშე სესიაში მონაწილებას არ მიიღებენ. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კვორუმის არარსებობის გამო, რიგგარეშე სესია ვერ გაიხსნება.

„18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ, საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებაში უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას, ამიტომ ჩვენი ფრაქციის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს“, – განაცხადა მიქანაძემ.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიციის მიზანია არა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, არამედ პოლარიზაციის გაღრმავება.

„მოვუწოდებთ რადიკალური ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს, პარალელური პროცესების გამოგონებით ნუ გაამართლებენ და ნუ გამოეთიშებიან კომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს. მიიღონ მონაწილეობა მიმდინარე საპარლამენტო – სამუშაო ჯგუფების და საკომიტეტო საქმიანობაში, რაც, სხვათა შორის, მათი კონსტიტუციური ვალდებულებაც“, – აღნიშნა მიქანაძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რიგგარეშე სესია საპარლამენტო ოპოზიციის წევრი 46 დეპუტატის მიმართვის საფუძველზე მოიწვია. ოპოზიციამ დღის წესრიგში საკონსტიტუციო ცვლილებების, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების და ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონპროექტის განხილვა შეიტანა. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მათი ფრაქცია მიმდინარე წელს საერთოდ არ გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას.

„დღის წესრიგში მოცემული საკითხები არ არის განხილული საკომიტეტო მოსმენაზე. რეგლამენტის მიხედვით, სანამ სესიაზე მოხდება საკითხის განხილვა - ეს დეპუტატმა უნდა იცოდეს - უნდა ხდებოდეს ჯერ საკითხის გატანა კომიტეტზე. კომიტეტის მიერ მისი მხარდაჭერის შემთხვევაში, ეს საკითხი გადის სხდომაზე. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი შევიდა ამ პოზიციაში, რომლითაც ხელი შეუწყო იმ სამართლებრივად არასწორი მექანიზმის განხორციელების შესაძლებლობას, რომლითაც ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს აჩვენოს, რომ „ქართული ოცნება“ დესტრუქციას ეწევა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]