weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ივანიშვილის ადვოკატების თქმით, მათი პრეს-რელიზი შვეიცარიულმა მედიამ არ გამოაქვეყნა

18:35 ორშაბათი, 18 ივლისი 2022

ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული ფირმა „ემ-ქეი-დი“ აცხადებს, რომ Credit Suisse-ისა და მისი სატრასტო სტრუქტურების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებული ვალდებულებების დარღვევაზე შვეიცარიული საზოგადოების ინფორმირება სურდათ, თუმცა გაგზავნილი პრეს-რელიზი არცერთმა ადგილობრივმა მედიამ არ გამოაქვეყნა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეხება შვეიცარიულ სისტემურ ბანკს, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, ხოლო ადრესატებს წარმოადგენენ შვეიცარიელი კანონმდებლები და საბანკო მარეგულირებელი, არცერთმა წამყვანმა შვეიცარიულმა მედია საშუალებამ - არც გაზეთმა, არც ტელევიზიამ და არც რადიომ - არ ისურვა ზემოაღნიშნული შინაარსის შემცველი ტექსტის გამოქვეყნება ან სხვაგვარად გამოხმაურება“, – აცხადებენ ივანიშვილის ადვოკატები.

„ემ-ქეი-დი“ აღნიშნავს, რომ მათთვის საკვირველია, რომ არ მოიძებნა არცერთი შვეიცარიული მედია საშუალება, რომელიც შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოსთვის „ამ მნიშვნელოვან გზავნილებს“ მისთვის მისაღები ფორმით და სათანადო პროცედურების დაცვით გაახმოვანებდა.

„მედიის მხრიდან საკითხით დაუინტერესებლობას, ამავე თემის უმნიშვნელობას ან მეორეხაროსხოვნებას ვერ მივაწერთ, რადგან მსგავსი საკითხები შვეიცარიაში ყოველთვის მედია-ფოკუსშია. უფრო მეტიც, შვეიცარიული მედია ჩვენი ჩართულობითაც და თავადაც, ჩვენგან დამოუკიდებლად, ყოველთვის უყოყმანოდ აქვეყნებდა კრიტიკულ, ნეგატიური შინაარსის შემცველ სტატიებს შესაბამის ბანკთან დაკავშირებით.

მოცემულობა შეიცვალა, როდესაც საუბარი შეეხო ბანკის მენეჯმენტის მიერ თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნასა და ჩვენ მიერ გამოთქმულ ეჭვს - ხომ არ იყო ბანკის მოქმედებებში სხვა საფუძველი ან რაიმე ინტერესი.

აქედან გამომდინარე,

წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა, რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს მიერ უნისონში გამოთქმული ზრდილობიანი უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი იქნებოდა შვეიცარიიდან“, – აცხადებს იურიდიული ფირმა.

„ემ-ქეი-დის“ განცხადებით, Credit Suisse-ის სატრასტო სტრუქტურის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ინტერესების უგულებელყოფა მარტიდან დაიწყო, როდესაც „ბენეფიციარის მხრიდან გადარიცხვის ინსტრუქციის შესრულებას 1 თვე დასჭირდა“. ბანკმა განაცხადა, რომ მისი უმოქმედობა და კლიენტის დავალების შეუსრულებლობა აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა. იურიდიული ფირმის ინფორმაციით, 5 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა ბანკისგან წერილი მიიღო, სადაც საუბარია იმ რეზოლუციაზე, რომლითაც ევროპარლამენტმა ევროპულ საბჭოს მოუწოდა, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება განეხილა. ბანკმა განმარტა, რომ ივანიშვილის ინსტრუქციებს მხოლოდ სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში განახორციელებს. „ემ-ქეი-დი“ აცხადებს, რომ ბანკის ეს გზავნილი როგორც სამართლებრივ, ასევე, ფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკაში უპრეცედენტოა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]