weather cur horoscope tv
დეკემბერი 30, 2024

ევროკავშირის გაფართოება რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად – მაკალისტერი

17:43 ოთხშაბათი, 20 ივლისი 2022

„ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას, რათა მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში იცხოვროს. პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, შეასრულონ ეს ლეგიტიმური სურვილები“, – განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა, რომელიც საქართველოში ევროპარლამენტის ექვსკაციან დელეგაციას ხელმძღვანელობს.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მაკალისტერმა თქვა, რომ დროა, საქართველომ დამაჯერებელი ნაბიჯები გადადგას ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად, ევროპარლამენტი კი მოხარული იქნება მას მხარი დაუჭიროს.

„როგორც პრეზიდენტმა უკვე აღნიშნა, წინა თვეში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება გახლდათ. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლითაც გაჟღერდა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა. ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება სათანადოდ არდაფასებული. ეს ქართველი ხალხის, მათი ქვეყნის ევროპული მომავლის მკაფიო მხარდაჭერისა და ქართული ინსტიტუტების მუშაობის აღიარებაა, რათა საქართველო დაუახლოვდეს ევროპის კავშირს.

საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია. თუმცა, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისათვის, რომ მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პრიორიტეტები ძალიან მკაფიოდაა გამოსახული ევროპის კომისიის მოსაზრებაში საქართველოს წევრობის აპლიკაციაში.

პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად ჩვენ განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურმა ძალამ გვერდზე გადადოს განსხვავებები და კონსტრუქციულად იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის კანდიდატის [სტატუსის] მინიჭებაა.

სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის თან ახლავს ამ საუბარს და ეს არის პოლარიზაცია. ჩვენ ვწუხვართ ამის გამო. ქვეყნის პოლიტიკური კურსი ხასიათდება მკაცრი რიტორიკითა და ერთად მუშაობის სურვილის არარსებობით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყნისთვის.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს შეიცვლება. პოლიტიკური დაპირისპირება ხელს უშლის საქართველოს პროგრესს და კომისიის 12 პრიორიტეტის სია ამ სიტუაციისადმი ჩვენი შეშფოთების გამოხატულებაა“, – განაცხადა მაკალისტერმა.

მისივე თქმით, ახლა საქართველოს ხელისუფლებისთვის კრიტიკული მომენტია, რათა მკაფიოდ აჩვენოს პოლიტიკური სურვილი/დაინტერესება განახორციელოს ხალხის ევროპული ამბიცია.

„გამამხნევებელია იმის დანახვა, რომ 12 პრიორიტეტის განხორციელების გზაზე სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მიმდინარეობს. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას საკუთარი გეგემები აქვთ, სამოქალაქო საზოგადოებამ ასევე წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები და იდეები. ეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მათ საერთო მიზანს აჩვენებს.

რაც ახლა გვჭირდება არის ის, რომ დავინახოთ ერთობლივი ქმედება, რომლიც მიმართული იქნება მიზნის მისაღწევად და არა დაყოფისკენ და ბრალდებებისკენ. დრო არ ითმენს.

მინდა ევროპარლამენტის პოზიცია გავიმეორო, გაფართოება რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას, რომელიც ეხება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკასა და ევროკავშირის  შესაბამის კანონმდებლობას. ეს პროცესი ეხება ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს და არ ექვემდებარება ვაჭრობას.

საქართველოს შეფასება გაგრძელდება მისი დამსახურებების შესაბამისად თუ როგორ წარმატებულად დააკმაყოფილებს ის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს ევროკავშირის კანდიდატურისთვის“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ისტორია დაკავშირებულია მშვიდობისა და კეთილდღეობის მშენებლობასთან და ამიტომაა, რომ მუდმივად იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ.

„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ძალისხმევა იყო ორიენტირებული მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. მაგალითად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების საშუალებით. ამიტომაა, რომ ხვალ ჩვენ ვესტუმრებით სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზს, რომელიც 2008 წელს საქართველოზე განხორციელებული რუსეთის აგრესიის მიერ წარმოქმნილი უსაფრთხოების დაბრკოლებების ნათელი შეხსენებაა“, – თქვა დევიდ მაკალისტერმა.

სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი და ევროპარლამენტის წევრები - ზელიანა ზოვკო, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონი, ტიერი მარიანი და ასიტა კანკო იმყოფებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

reginfo.ge@gmail.com