weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების გაყალბების სქემის შესახებ კვლევა გამოაქვეყნეს

16:59 ხუთშაბათი, 21 ივლისი 2022

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ორგანიზაციების განცხადებით, კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა.

კვლევის ავტორმა არასამთავროვობო ორგანიზაციებმა მამხილებლის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის, იოსებ გოგაშვილის მიერ გადაცემული დოკუმენტები გადაამოწმეს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, საუბარია 2018-2019 წლებში ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. მიღებულ და ამავე მისამართიდან გაგზავნილი კორესპონდენციაზე.

„სახელმწიფო უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით. გარდა ამისა, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა.

სრული სქემის მასშტაბი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ მეთოდებით არჩევნების პროცესში ჩარევის შედეგად შესაძლებელი იყო ამომრჩევლის ხმის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მასშტაბური მობილიზება.

უფრო კონკრეტულად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს სავარაუდოდ სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას), სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ.“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

კვლევის მიხედვით, სავარაუდოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემაში ჩართული იყვნენ იუსტიციის მინისტრის მაშინდელი მოადგილე გიორგი პატარიძე და ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა ეკავა. კვლევაში ნათქვამია, რომ 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.დან სავარაუდოდ გიორგი პატარიძისთვის 1700-მდე მსჯავრდებულის (პრობაციონერის) შესახებ ინფორმაცია გაიგზავნა.

„როგორც კორესპონდენციისა და გაგზავნილი მონაცემების ანალიზიდან იკვეთება, პრობაციონერები ან/და მათი ოჯახის წევრები წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობდნენ, ხოლო პარტია მათ მონაცემებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს იმ მიზნით უგზავნიდა, რომ მათთვის სასამართლო განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი გაეუქმებინათ და ნასამართლობა მოეხსნათ.

გადაცემულ სიებში იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ რეგიონული შტაბებიდან შეგროვებული მსჯავრდებულთა ჩამონათვალი, რომლებსაც სხვადასხვა დანაშაულისთვის განსაზღვრული ჰქონდათ პირობითი მსჯავრი.

სიებში, როგორც წესი, მითითებული იყო მათი პერსონალური ინფორმაცია, ჩადენილი დანაშაული, შეფარდებული სასჯელი, პირობითი მსჯავრის ხანგრძლივობა და მოთხოვნა - მისი გაუქმება. ხშირ შემთხვევაში სიის შემდგენელი პირებისგან შენიშვნის გრაფაში მითითებული იყო ის, თუ რა ფორმით ეხმარებოდა პირი პარტიას ან/და სხვა დამატებითი ინფორმაცია“, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის მიხედვით, გარდა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.ის კორესპონდენციისა, დოკუმენტებში იძებნება სავარაუდოდ მცხეთის მერის და „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის წერილი „ქართული ოცნების“ მაშინდელი აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის და რეგიონული მდივნის დიმიტრი სამხარაძის სახელზე. საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მათგან 9 პრობაციონერისთვის „სათანადო დახმარების“ გაწევას ითხოვდა.

იმ ინფორმაციისა და ვარაუდების გადასამოწმებლად, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პირობითი მსჯავრის მოხსნის საკითხი ამომრჩევლის მოსასყიდად გამოიყენებოდა, კვლევის ავტორებმა პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიმართეს და პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ სტატისტიკა გამოითხოვეს.

მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველმა მუდმივმოქმედმა კომისიამ 2018 წლის ნოემბერში 1883 პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე და ნასამართლეობის მოხსნაზე მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, ხოლო დეკემბერში - 2227-ზე, მაშინ, როცა სხვა თვეებში ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იყო.

„კომისია 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდა, ნოემბერში 7-ჯერ შეიკრიბა, ხოლო დეკემბერში 6-ჯერ, მაშინ როდესაც წინა პერიოდში მხოლოდ თვეში ერთხელ იკრიბებოდა. შედეგად ამავე პერიოდში დაახლოებით 50-ჯერ მეტი პირობითი მსჯავრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, ვიდრე ჩვეულებრივ იღებდა წინა თვეებში“, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის მიხედვით, 2018 წლის ოქტომბერი-2019 წლის იანვრის შუალედში ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.დან სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსთან, ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან იმ 900-მდე პირის სია გაიგზავნა, ვისაც შეჩერებული ან ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

„ამ შემთხვევაშიც მოქმედების სქემა იგივე იყო. როგორც ჩანს, პარტიის სასარგებლოდ ხმების მობილიზების სანაცვლოდ, „ქართული ოცნება“ ამ პირებისთვის შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენის საქმეს უწევდა ორგანიზებას. მართვის უფლების აღდგენის შესახებ დადებითი გადაწყვეტილებების განსაკუთრებით დიდი ოდენობა ემთხვევა სქემის მოქმედების პერიოდს. 2018 წლის ნოემბერში გაცემული თანხმობები რამდენჯერმე აღემატება წინა და შემდეგი თვეების მაჩვენებლებს“, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის ავტორების თანახმად, იოსებ გოგაშვილის მიერ მიწოდებულ მასალებს შორის რამდენიმე ისეთი დოკუმენტიც იყო, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს არ უკავშირდებოდა და უფრო გვიანდელ პერიოდს ეხებოდა.

„ამ დოკუმენტებიდან როგორც იკვეთება, 2020 წელს მმართველი პარტია სუს-თან ერთად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და საკადრო პოლიტიკის გატარებისას აღნიშნულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტებში მოცემულია საჯარო სკოლების დირექტორების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელების და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების პოლიტიკური დახასიათებები და რეკომენდაციები“, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის მიხედვით, 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა. იოსებ გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებში 112-დან 95 დირექტორი იყო შეფასებული. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს მათგან 29 გათავისუფლებული დირექტორი ჰყავდა უარყოფითად შეფასებული, მმართველ პარტიას - 80 დირექტორი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - 89.

„ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც დადასტურების შემთხვევაში უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, ფაილებსა და კორესპონდენციაში ასევე იყო ათობით „მოხსენებითი ბარათები“, რომლებსაც სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ რეგიონული ხელმძღვანელები პარტიის ხელმძღვანელების სახელზე წერდნენ და ითხოვდნენ საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სხვადასხვა უწყების თანამშრომლების პარტიის შტაბში გადაყვანას.

„იკვეთება სამართალდამცავი უწყებების მმართველი პარტიის მიზნებისთვის გამოყენება, რაც მასშტაბურ სისტემურ სამოხელეო დანაშაულების ჩადენაზე მიუთითებს. აგრეთვე, ამ ქმედებებით ირღვევა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევენ, რომ კვლევაში მოყვანილი შემთხვევები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და აუცილებელია, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.

„ამასთანავე, მმართველმა პარტიამ ცხადად უნდა გამოხატოს პოლიტიკური ნება და უარი თქვას სახელმწიფო რესურსების გამოყენებით ამომრჩევლის მოსყიდვის, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის, სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლების საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის, ასევე, სხვა უკანონო და მანკიერ პრაქტიკაზე“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]