weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ ერთი ელჩის დანიშვნას არ დათანხმდა და ეს დავით ბაქრაძეა

15:48 პარასკევი, 22 ივლისი 2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (გაერო) საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ეწინააღმდეგება. ზურაბიშვილის თქმით, ბაქრაძეს აშშ-ში ელჩად მუშაობის დროს ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის არაფერი გაუკეთებია.

როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, მთავრობამ 37 ელჩი წარუდგინა და მათგან 36-ის დანიშვნას ხელი წარდგენიდან „მაქსიმუმ ერთ კვირაში ან ათ დღეში“ მოაწერა

„ერთი რჩება, 37-ე, დავით ბაქრაძე, რომლის წარდგენა მივიღე 15 ივლისს, ანუ რამდენიმე დღის წინ. მათი საკონსტიტუციო სარჩელი - თუ რაც არის, როგორც ეძახიან - დიდი ხნის წინ არის გადაცემული. იმ დროისთვის ოფიციალური და ფორმალური წარდგენა, რაც ჩემთან წერილობით მოვიდა, ყველა იქნა დაკმაყოფილებული, მათ შორის ელჩების გამოწვევაზე. ბაქრაძეზე არ იყო მოსული და ახლა მოვიდა.

რატომ არ იყო მოსული და ახლა მოვიდა: ყველა პრემიერის დროს და წინა პრეზიდენტების დროსაც, ორი ნაწილია ელჩების დანიშვნის პროცესში. ერთი ნაწილია კონსულტაციები, კონფიდენციური ნაწილი, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მწერს ან შეხვედრა დგება და შემდეგ უკვე, როდესაც შეთანხმება არის, მოდის ოფიციალური წარდგენა. ასე ვმუშაობდით მთელი ეს პერიოდი და საკმაოდ ნორმალურად მიდიოდა ეს პროცესი. გაიჭედა ბაქრაძეზე და რატომ გაიჭედა პირდაპირ გეტყვით: ჩემი აზრით და ალბათ, თქვენც აღიარებთ, რომ დიპლომატიაში მაქვს რაღაც გამოცდილება და შემიძლია შევაფასო… ადამიანს, რომელიც 5 წელი ელჩი იყო ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის, ანუ არა მაღალი დონის ორგანიზებული ვიზიტი, არა იქით, არა აქეთ. მე ვერ შევძელი და ელჩს ვთხოვე სანამ ბოლოს არ მითხრა, რომ ეს არ შემიძლიაო... მე ვერ შევძელი მიმელოცა ბაიდენისთვის არჩევნები და ვერც კამალა ჰარისისთვის, ქალი ვიცე-რეზიდენტისთვის. ორივე თხოვნა მქონდა საელჩოს იმით და ვერაფრით მოხერხდა.

ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, არ დაუწერია არცერთი სტატია, არცერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით და მე ეს არგუმენტები წარვუდგინე, არ უნდა იყოს დანიშნული გაეროში, რომელიც ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანია.

ჩვენთვის მთავარია ვაშინგტონი, ნიუ-იორკი და ბრიუსელი. წავიდეს სხვაგან. მე შევთავაზე, რომ კანადაში წასულიყო. არა, ეს არ მიიღეს. თქვეს, რომ უთუოდ უნდა წასულიყო გაეროში, რაზეც არ დავეთანხმე. ამ საუბრებისას მოვითხოვე მათგან არგუმენტები: რატომ ეს ადამიანი? რა გააკეთა ისეთი, რასაც თქვენ აფასებთ და მე არ ვიცი? შეიძლება დაგეთანხმოთ. რა გააკეთა ისეთი.

ამაზე შეაქვთ საკონსტიტუციოში სარჩელი და სთხოვენ, რომ ანტიკონსტიტუციურად იყოს ცნობილი ჩემი უმოქმედობა. ჯერ არ არის უმოქმედობა, იმიტომ, რომ 15 ივლისის წერილია და ვნახოთ, როგორი ქმედება მექნება ან უმოქმედობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მთავრობის სარჩელი, რომლიც ელჩის დანიშვნაზე პრეზიდენტის უარს ეხება, 10 ივნისს მიიღო. სასამართლომ უნდა დაადგინოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნის უფლებამოსილება რამდენად ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და ზოგადად, როგორია ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის როლი.

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა ჯერ კიდევ 15 მარტს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი თქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]