„ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს. დავით არახამიას ინტერესი აქვს, დააზიანოს ქართული ხელისუფლება და სახელმწიფო, მაგრამ ეს ინტერესი ვისგან მოდის, არ ვიცი და შეიძლება, ბევრი სპეკულაცია იყოს – ეს არის „ნაციონალური მოძრაობისგან“, რუსეთისგან თუ სხვა დაინტერესებული ძალებისგან. ამის განხილვაში ვერ შევალ, თუმცა ფაქტია, რომ კვირა არ გავა ისე, ამ ადამიანმა საქართველო მიზანმიმართულად არ დააზიანოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დეპუტატის თქმით, „შეგვიძლია ჩავთვალოთ“, რომ არახამიას განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაა.
დავით არახამიამ, რომელიც უმაღლეს რადაში უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერია, „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სანქციების სამიზნე არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ მისი ბიზნესგარემოცვა და პოლიტიკოსებიც იქნებიან. მან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გააფრთხილა, „ცოტა აკურატულები“ იყვნენ თავიანთ გამონათქვამებში.