weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კობახიძე „პავლიკა მოროზოვებს“ უწოდებს მათ, ვინც მის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფა დაგმო

11:47 სამშაბათი, 26 ივლისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს და „პავლიკა მოროზოვს“ უწოდებს. ამ განცხადებას აკეთებს ის გუშინდელ ინციდენტზე.

„გუშინ „მთავარის“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისეთი სიბინძურე იკადრა, რომ ამას „მთავარიდანაც“ კი ბევრი არ იკადრებდა.

თან ამ სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა. ამის შემხედვარეს „რას დაგამსგავსათ აბელა სეთურმა“ იყო პირველი, რაც გაგახსენდებოდა.

ახალგაზრდა ადამიანი ამ მდგომარეობამდე რომ მივა, „ნაცმოძრაობის“ ბოროტებას რა ძალა აქვს, უკვე აბსოლუტურად ცხადია. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტობა უპირობოდ პავლიკამოროზოვობას ნიშნავს“, – წერს ირაკლი კობახიძე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ვინც ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის“ იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობს, ისინიც პავლიკა მოროზოვები [საბჭოთა რეჟიმის მიერ განდიდებული „გმირი“ პიონერი, რომელმაც საკუთარი მამა და სხვა გლეხები ხელისუფლებასთან დააბეზღა] არიან.

„ინგა გრიგოლიასგან, გიორგი თარგამაძისგან, ნიკანორ მელიასგან, ლევან ხაბეიშვილისგან და სხვა ცნობილი ვაჭრებისგან (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), პატარა კაცებისგან და პატარა ქალებისგან ეს არავის გაკვირვებია.

მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც რომ გამოერია, აღარც ეს არის ვინმესთვის გასაკვირი“, – წერს კობახიძე.

ის დეპოლარიზაციის საკითხსაც ახსენებს და ამბობს, რომ „დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა“.

„ეს გაკვეთილი საქართველომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ მიიღო. დეპოლარიზაცია მხოლოდ დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რასაც 2024 წლამდე მთელ ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ“, – ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

გუშინ, 25 ივლისს, ირაკლი კობახიძე მედიას კომენტარს აძლევდა, როდესაც ჟურნალისტმა ნატალი ჯახუტაშვილმა მიმართა, შეეფასებინა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის დავით არახამიას განცხადება, რომელმაც კობახიძეს „კაგებეს“ აგენტის შვილი უწოდა.

კობახიძემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა: „ „კაგებეშნიკი“ არის მამათქვენი. ეს შემიძლია გითხრათ... ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი მართლა, რა. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სირცხვილია! სახე დაკარგე „ნაცმოძრაობის“ გულისთვის, სამარცხვინო. შენ ხარ არახამია. როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი. „ნაცმოძრაობის“ გულისთვის დაკარგე სახე. პოლიტიკა გიღირს ამად? ქალი აღარ ხარ, რა!“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „კატეგორიულად დაგმო“ კობახიძის „უკადრისი საქციელი“ და თქვა, რომ ის მხოლოდ პოლიტიკური სისუსტის გამომჟღავნება იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]