„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ წერილი მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, იმიტომ, რომ ის გამსჭვალულია, ერთის მხრივ, პატრიოტული სულისკვეთებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პოზიციაა წარმოდგენილი და ერთმნიშვნელოვნად დადებითად შესაფასებელი დამოკიდებულებები, რომელიც ამ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით არსებობს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, განსაკუთრებულ აღნიშნვას მოითხოვს წერილის ის ნაწილი, სადაც ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ მმართველმა გუნდმა უნდა იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.
„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ახლა ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ის სტაბილურად კარგი ურთიერთობები, რომლებიც სტრატეგიულ პარტნიორებთან არსებობს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა. ივანიშვილი აცხადებს, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი დღესაც აქტუალურია.