weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

დღეს გვაქვს გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი, ვიდრე საჭიროა – აზარაშვილი

19:23 პარასკევი, 29 ივლისი 2022
ზურაბ აზარაშვილი და მისი მოადგილეები ზურაბ აზარაშვილი და მისი მოადგილეები

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტროს მნიშვნელოვანი რეფორმები და სისტემური ცვლილებები აქვს დაწყებული, „ერთ-ერთი ასეთი კი კლინიკებისთვის იმ სამართლიანი ტარიფების დაწესებაა, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისის გაწევის შემდეგ გადაიხდის“.

„ეს რამდენიმეწლიანი პროცესია და ჩვენ უკვე ვართ იმ ეტაპზე, როცა შემოვიღებთ იმ სამართლიან და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აპრობირებულ მეთოდს, რაც არის DRG („დი არ ჯი) მეთოდი და ამ მეთოდით ჩვენ უკვე სამედიცინო სექტორს შევთავაზებთ ტარიფებს, რომლითაც ისინი მოახდენენ ოპერირებას.

რაც შეეხება იმას, რომ ამ ტარიფებიდან გამომდინარე შესაძლოა რომელიმე კლინიკისთვის ეს ბიზნესი საინტერესო არ იყოს და დახურვა მოუწიოს, გეტყვით იმას, რომ დღეს, სისტემაში გვაქვს გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი, ვიდრე საჭიროა ქვეყნისთვის“, – განაცხადა აზარაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების რაოდენობ, საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მეტია.

„ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე ვაკეთებთ შედარებას, თუ რა არის მოცემულობა ყოველ 100 000 მოსახლეზე და ამ ნაწილში ვართ გაცილებით წინ. ვგულისხმობ იმას, რომ ზედმეტია კლინიკები და საწოლები ქვეყანაში.

დღეს არის ზუსტად ის მომენტი და შესაძლებლობა, როცა ამ სიჭარბის ფონზე, შეგვიძლია, კლინიკების მოვთხოვოთ მაღალი ხარისხის მომსახურება და სამართლიანი ტარიფებით მოვახდინოთ ბიუჯეტიდან ამ თანხების ანაზღაურება, რასაც ისინი მოემსახურებიან ჩვენს მოქალაქეებს.

თუ ბიზნესის კუთხით არ იქნება საინტერესო ის ტარიფები და სტანდარტები რასაც ჩვენ მოვთხოვთ, შეიძლება, ზოგიერთმა თქვას, რომ დამატებით ინვესტიციებს საჭიროებს და ა.შ., ჩვენ ამ ხარჯების დაზოგვის მიზნით, ნამდვილად ვერ წავალთ იმ რისკზე, რაც საბოლოოდ პაციენტის მომსახურებაზე ახდენს გავლენას და დაკავშირებულია სიცოცხლესთან შეუფასებელ რისკებთან“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრმა მედპერსონალის შრომის ანაზღაურებაზეც ისაუბრა.

„იმ ტარიფებიდან და გადასახადებიდან, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სახელმწიფო კლინიკებს ვუხდით, პირველ ეტაპზე გამოითვალა, ჩვენი აზრით, სამართლიანი მინიმალური ანაზრაურება... ხელფასებიც აანაზრაუროს, კომუნალური და სხვა კაპიტალური დანახარჯებიც გაწიოს და იქ რაღაც სამართლიანი მოგებაც დარჩეს. ზუსტად აქედან გამომდინარე გამოვთვალეთ პირველ ეტაპზე და უკვე ორ თვეზე მეტია ეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვაქვს, ის მინიმალური სახელფასო განაკვეთი, რასაც ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს ვაწვდით.

უკვე პირველი აგვისტოდან, სხვა სახელმწიფო კლინიკებშიც ზუსტად იგივე ტარიფებით მოხდება მინიმალური ანაზღაურების გავრცობა, ასე ვთქვათ.

აქედან გამომდინარე გამოვიყვანეთ სახელმწიფოს მართვაში არსებულ ამბულატორიებში პერსონალის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება. ძალიან მნიშვნელოვანია, პირველადი ჯანდაცვის რგოლიც იყოს განვითარებული ქვეყანაში, რათა ნაკლები დაწოლა იყოს ჰოსპიტალურ სექტორზე.

გავდივართ ყველა იმ ეტაპს, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებას მოგვცემს და ბიუჯეტიდან ანაზღაურებაც იქნება შესაბამისი“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი სახელფასო სისტემის მიხედვით, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში 9 ლარს შეადგენს, რაც ყოველთვიურად 1620 ლარია. უმცროსი ექიმის ანაზღაურება, საათების მიხედვით, 6 ლარია, თვეში კი - 1080 ლარი; ექთნის - საათში 5,75, თვიურად 1035 ლარი; ექთნის დამხმარის - 3 ლარია, თვეში - 540 ლარი; სანიტრის შემთხვევაში ეს თანხა საათში 2.80 ლარს შეადგენს, შესაბამისად, ყოველთვიურად, 504 ლარი გამოდის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]