weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

კობახიძის თქმით, ახალგორელი კაცის გარდაცვალება სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულია

19:48 ორშაბათი, 01 აგვისტო 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება „ყველაფერს აკეთებს“ იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები დაცული იყოს.

დღეს კობახიძეს ჟურნალისტმა შეკითხვა ოკუპირებული ახალგორის რაიონში მცხოვრები 71 წლის კაცის გარდაცვალების შესახებ დაუსვა. ჟურნალისტის თქმით, ახალგორელ კაცს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ადეკვატური სამედიცინო დახმარების მისაღებად არ უშვებდნენ. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ე.წ. საზღვრებზე ბოლო სამი წელია ეს ვითარებაა და იკითხა, რას აკეთებს ხელისუფლება ამ დროს.

„ეს ძალიან მძიმეა, რა თქმა უნდა. ერთ რამეს შეგახსნებთ, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტზე სრულად ვრცელდებოდა საქართველოს ხელისუფლების დე ფაქტო და დე იურე კონტროლი 2008 წლამდე. სამწუხაროდ, ეს რაიონი რუსეთის ფედერაციას სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ჩააბარა, რამაც უკიდურესად დაამძიმა არა მარტო ქვეყნის მდგომარეობა ამ კუთხით, არამედ ამ რაიონში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამის შემდეგ ჟურნალისტსა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

ჟურნალისტი: „მას შემდგომ რამდენიმე წელი გავიდა. რა შუაშია სააკაშვილის პერიოდი?“

კობახიძე: „სააკაშვილმა ჩააბარა და მას მერე ვერ ვიბრუნებთ“.

ჟურნალისტი: „მას შემდგომ რამდენი წელი გავიდა და ხომ შეიძლება ადამიანის უფლებები დაიცვათ?“

კობახიძე: „ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება ამისთვის“.

ჟურნალისტი: „რას აკეთებს, შეგიძლიათ გვითხრათ?“

კობახიძე: „ყველაფერს აკეთებს, მაგრამ სააკაშვილის გაფუჭებულს ჩვენ ვერ გამოვასწორებთ. ჩააბარა რუსეთის ფედერაციას“.

ჟურნალისტი: „ხომ იმიტომ მოხვედით ხელისუფლებაში, ბატონო ირაკლი...“

კობახიძე: „რომ ტერიტორიები დაგვებრუნებინა 10 წელიწადში?“

ჟურნალისტი: არა, სააკაშვილის გაფუჭებული რომ გამოგესწორებინათ“.

კობახიძე: „10 წელიწადში რომ ტერიტორიები დაგვებრუნებინა? სააკაშვილის მიერ რუსეთისთვის ჩაბარებული ტერიტორიები ჩვენ 10 წელიწადში უნდა დაგვებრუნებინა? ეს იყო მოლოდინი?“.

ჟურნალისტი: „ტერიტორიების დაბრუნებას არ გთხოვთ. იმ ადამიანების უფლებების დაცვას...“

კობახიძე: „მაგაზე გიპასუხეთ“.

ჟურნალისტი: „მოკვდა ის ადამიანი. რა მიპასუხეთ?“

კობახიძე: „გიპასუხეთ. ეგ არის თქვენი ხელისუფლების დანაშაული, რა თქმა უნდა“.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში, სავარაუდოდ, დაგვიანებული მკურნალობის გამო, კაცი ყირიმ-კონგოთი გარდაიცვალა. ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ამბობს, რომ თენგიზ მარტიაშვილი ჯერ ახალგორის საავდმყოფოში იყო, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.

„გართულების შემდგომ მიიღო სეპარატისტულმა ხელისუფლებამ მისი გადმოყვანის გადაწყვეტილება. პარასკევს გადმოიყვანეს მცხეთის საავადმყოფოში. დიაგნოზი დაისვა, რომ იყო ტკიპის ნაკბენი, რაც ყირიმ-კონგოთი დაავადებას იწვევს. გადაიყვანეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში და იქ გარდაიცვალა. რომ ყოფილიყო დროულად გადმოყვანა, შესაძლოა იმ შემთხვევაშიც კი ასე დასრულებულიყო იმდენად მძიმე დაავადებაა“, – განაცხადა თინიკაშვილმა.

გამგებელი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში, პაციენტებს „აქეთ ძალიან მარტივი დიაგნოზითაც უშევებენ ხოლმე“ და არ იცის, რა გახდა თენგიზ მარტიაშვილისთვის უარის თქმის მიზეზი.

„ზოგადად, პაციენტები ახალგორის საავადმყოფოს მიმართავენ გადაყვანის თაობაზე. მედპერსონალი იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციისთვის მიმართვის შესახებ და აძლევენ ცნობას. ამ შემთხვევაში, რატომღაც ასე არ მოხდა და წაიყვანეს ცხინვალში. იქ გარკვეული პერიოდი იყო და თვითონ რომ მიხვდნენ, რომ ვერაფერს უშველიდნენ, იქ არსებული არასათანადო და არაკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის გამო, მერე მიიღეს გადმოყვანის გადაწყვეტილება“, – ამბობს ნუგზარ თინიკაშვილი.

2019 წლის 4 სექტემბერს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის მიმართულებით არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი (ოძისი, ე.წ. რაზდახანი) ჩაკეტა, რის შედეგადაც იქ მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოექცა.

 

ამ თემაზე:

ახალგორის იზოლაციის 16 მსხვერპლი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]