weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეგრელიშვილი რუს ტურისტებზე: წარმოუდგენელია, ჩვენ ეროვნული ნიშნით ვარჩიოთ ადამიანები

19:47 ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2022

„იმ კონტექსტში როდესაც შემოდგომაზე მთელი სამყარო ელოდება რეცესიას, ნებისმიერი რაღაც პატარა ეკონომიკური შესაძლებლობა, ჩემი აზრით, ახლა უნდა გამოვიყენოთ. მე არ მსმენია არცერთი პრობლემის შესახებ, რომელიც ამ ტურისტებმა შექმნეს“, – განაცხადა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით.

მეგრელიშვილის თქმით, პოლიტიკური პარტიები პრობლემას იქ იგონებენ, სადაც ის არ არსებობს.

„ჩვენ რომ ვცხივრობდით საბჭოთა კავშირში და ფაქტობრივად ისეთი ქვეყნა რომ ვიყავით, ბევრად უარესი, ვიდრე დღევანდელი რუსეთია, მაშინ თავისუფალი სამყარო აქედან გაქცეულ ადამიანებს იფარებდა და კარგადაც ექცეოდა. ჩვენ ვის ვაკისრებთ, ინდივიდებს ვაკისრებთ პასუხისმგებლობას იმ ტერორიზმზე, რომელიც ამ სახელმწიფოს აქვს მოწყობილი მსოფლიოში? მაშინ, ხომ თითოეული ჩვენგანი უარესი პასუხისმგებლები გამოვდიოდით ათწლეულების განმავლობაში, როცა იქ ვცხოვრობდით. ის ხალხი, რომელიც დღევანდელ რუსეთში ისეთ დისკომფორტს გრძნობს, რომ იქიდან ნებისმიერი ფორმით გარბის, ის ხალხი რაღაცნაირად ჩვენი მოკავშირეა?!“, – განაცხადა მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

დეპუტატის თქმით, ტურიზმი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა საქართველოს მოქალაქეებისთვის და სავიზო რეგულაციების გამკაცრება საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაა და ამისთვის „მორალურადაც განვისჯებით“.

„ისინი ლეგალურად არიან. სინამვილეში ხომ გვაქვს წესები? აქამდეც ხომ გვქონდა? - რაღაც პერიოდი შეუძლია უვიზოდ დარჩეს, შემდეგ ბინადრობის მოწმობა სჭირდება. თუ რეგულაციებში გვაქვს პრობლემა, ჩვენ ხომ მაგას არ განვიხილავთ?

ჩვენ განვიხილავთ - ქვეყანაში მოგვწონს ტურისტები თუ არ მოგვწონს. არის ხალხი, ვისაც ტურისტები არ მოსწონს და ფიქრობს, რომ ამის გამო შეიძლება საზოგადოებას შეტენოს ახალი ვითომ პრობლემა, რაც სინამდვილეში პრობლემა კი არა, ჩვენი სიკეთეა.

ჩვენ ახლა ვმსჯელობთ, მაგალითად, ჩვენი ვიღაც კოლეგის რაღაც გიჟურ წინადადებაზე, რომელმაც არ ვიცი, რატომ უნდა დაიმსახუროს ან საზოგადოების რაიმე... ვინმე ითხოვს ამას? წარმოუდგენელი ამბავია, ჩვენ ნაციონალური ან ეროვნული ნიშნით ვარჩიოთ ადამიანები“, – თქვა მეგრელიშვილმა.

ჟურნალისტმა ვახტანგ მეგრელიშვილს ჰკითხა, რა ფიქრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დღევანდელ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკური დამოიკიდებულება რუსეთზე იზრდება და რომ ბოლო ოთხ თვეში საქართველოში 6400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა.

„ეს ხომ ძალიან მოსალოდნელი იყო. როდესაც რეგიონში ასეთი გეოპოლიტიკური კატასტროფა მიმდინარეობს... ჩვენც ბუნებრივად უნდა შევხვდეთ და მოვემზადოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში გადაწყვეტენ ჩამოსვლას - უკრაინიდან იქნებიან, რუსეთიდან თუ ბელარუსიდან - ადეკვატური პირობები ჰქონდეთ მუშაობისთვის.

სინამდვილეში, ამაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს ჩვენთვის. ეხ ხალხი არ არის აზიიდან და აფრიკიდან ჩამოსული... “, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247 000 ვიზიტორი შემოვიდა, თუმცა 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 3-ჯერ ნაკლებია. ამავე კვლევის თანახმად, მარტ-ივნისში საქართველოში 6200-ზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია. 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 13 500-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]