weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კალანდარიშვილის კიდევ ერთხელ წარდგენა ცესკოს არ გააძლიერებდა

22:47 შაბათი, 06 აგვისტო 2022

„პრეზიდენტმა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ორჯერ უკვე წარუდგინა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად. თუმცა, მისმა კანდიდატურამ ორჯერვე ვერ მოიპოვა საჭირო ხმების რაოდენობა, შედეგად ორჯერვე მხოლოდ ექვსი თვის ვადით იქნა არჩეული“, – ასე განმარტავს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას პარლამენტისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის შესახებ.

ადმინისტრაციის განცხადებით, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის პარლამენტისთვის არ წარდგენა კატეგორიულად გამორიცხავს მისი პროფესიონალიზმის, მისი გამოცდილებისა და საქმიანობის პრეზიდენტის მიერ არაჯეროვნად შეფასებას.

„ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისა და მოქმედი წევრების პარლამენტისთვის არ წარდგენა განპირობებულია იმით, რომ მათმა კანდიდატურებმა ორჯერ უკვე ვერ მოიპოვეს პარლამენტის წევრთა 2/3-ის უმრავლესობა, რაც საჭიროა ხუთი წლის ვადით ასარჩევად.

ცესკო-ს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთი და იგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ ექვსი თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას და დემოკრატიულ განვითარებას.

5 აგვისტოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად ასარჩევად ის კანდიდატურები წარუდგინა, რომლებიც ღია კონკურსის წესით შეარჩია შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ. კანდიდატთა შერჩევით კომისიამ დაადასტურა მათი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია. შესაბამისად, კანდიდატების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვაა განცხადებები, რომლების მათი არჩევის პროცესში მონაწილეობის არმიღებას ეხება.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართულობის ხელშეწყობას, ცესკოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენას.

ცესკოს ინსტიტუციური გაძლიერება და საარჩევნო კანონმდებლობის ამ მიმართულებით დახვეწა ასევე გათვალისწინებულია ევროკავშირის რეკომენდაციებში, რომელთა შესრულებაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად არის საჭირო“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტმა პარლამენტს თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძე წარუდგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ქრისტინე ქაჯაია და ლევან ისაკაძე. ცესკოს წევრის მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდა, რადგან საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულმა გია ცაცაშვილი და რუსუდან ქურდიანმა პრეზიდენტის მხარდაჭერა ვერ მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]