weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ერთობის გარეშე აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ვერ შემოვიერთებთ – ზურაბიშვილი

21:52 კვირა, 07 აგვისტო 2022

საქართველოს პრეზიდენტი, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე და სოფელ შინდისში, შინდისის გმირების მემორიალთან იმყოფებოდა, სადაც ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, აგვისტოს ომი დამთავრდა ოკუპირებული ტერიტორიებით, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა, რადგან დღეს მისი დამოუკიდებლობა, დემოკრატია და ევროპისკენ გზა უფრო ძლიერია.

„მინდა, სრულიად საქართველოს გავუზიარო დღევანდელ დღის დიდი მნიშვნელობა. ყველაფერი არ უნდა გადავიტანოთ ტრაგიზმში. ეს არის მნიშვნელოვანი დღეები ბრძოლები, რომელიც დამთავრდა ოკუპირებული ტერიტორიებით, ანუ ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა, რადგან დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა არის უფრო ძლიერი, ჩვენი დემოკრატია არის უფრო ძლიერი, ჩვენი გზა ევროპისკენ არის უფრო ძლიერი და ამდენად ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ.

დღეს უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ჩვენ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებში, ისინი არ უნდა დავივიწყოთ, არ უნდა შევეგუოთ ამ მდგომარეობას, მაგრამ წინ უნდა ვიაროთ. იმისთვის, რომ წინ ვიაროთ აუცილებელია, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანი. ერთობის გარეშე ჩვენ ამ გზას ვერ გავივლით, ჩვენ ვერ შემოვიერთებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში, ცხინვალში და ამისთვის უნდა დავივიწყოთ ის ბოღმა, ის სიძულვილი, რომელიც სუფევს ამ ქვეყანაში და ყველას გვძირავს, უნდა ვიაროთ წინ საბოლოო გამარჯვებისკენ.

ისიც მინდა ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში არ არის არავინ ომის მომხრე, ახალი ომის მომხრე, მეორე ფრონტის. ეს ყველაფერი არის თემები, რომელიც მე არ მესმის.

ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე იმისი, რომ საქართველო გაძლიერდეს, იყოს ერთიანი, იყოს დამოუკიდებელი. ამ საქართველოს გაუმარჯოს და ამ საქართველოსთვის დაიღუპნენ ეს ადამიანები, ამ საქართველოსთვის სიცოცხლე დადეს და პატივს უნდა ვცემდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

მანამდე, საქართველოს პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება თარიღები 1801, 1921, 1992, 2008, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული აგრესიის და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას ასახავენ.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან დღეს, 7 აგვისტოს 14 წელი შესრულდა. ამ დღეს რუსეთის არმიამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გავლით და სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო აგრესია დაიწყო. რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. დაიბომბა თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება.

ომის დასრულებისთანავე, 26 აგვისტოს, რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]