weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი და გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ – ღარიბაშვილი

11:05 ორშაბათი, 08 აგვისტო 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. როგორც ის წერს, მშვიდობიანი და გონივრული პოლიტიკით, საქართველო აუცილებლად გაერთიანდება.

„14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია, ჩვენი ქვეყნის გული – სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ.

ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს – საქართველო გაერთიანდება!“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი შესრულდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის არმიამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გავლით და სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო აგრესია დაიწყო. რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. დაიბომბა თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება. ომის დასრულებისთანავე, 26 აგვისტოს, რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.

 

ამ თემაზე:

ერთობის გარეშე აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ვერ შემოვიერთებთ – ზურაბიშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]