weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

სააკაშვილის პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ ომი თავიდან ვერ აიცილეს – პრემიერი

11:58 ორშაბათი, 08 აგვისტო 2022

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო, რის შემდეგაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„თქვენი ტელევიზიების დე ფაქტო მფლობელის, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა, პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი.

ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი. მათ ჩვენი ქვეყანა გაწირეს და გაწირეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები.

მინდა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენო, აი, დღეს რომ გამოდიან და თავს რომ დებენ დიდ პატრიოტობაზე, მათ მინდა შევახსენო, თქვენ შეგახსენოთ თქვენი ხელმძღვანელების საყურადღებოდ: აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვე იყო გასული და 2009 წლიდან სააკაშვილმა უკვე დაიწყო რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა. ჩვენ მაშინ მოვისმინეთ, რომ რუსულ ფულს, თურმე, სუნი არ ჰქონდა. ეს ერთი.

მეორე - სააკაშვილის ხელისუფლებამ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალქეებისთვის. მესამე - ასევე, სააკაშვილის ხელისუფლებამ ომის შემდეგ არავითარი ქმედება არ განახორციელა, რომ თუნდაც, მაგალითად, სანქციების ორგანიზება გაეკეთებინა, დაეწყოთ მუშაობა, რომ გარკვეული სანქციები დაკისრებოდა რუსეთს ოკუპაციის გამო, მას შემდეგ, რაც გრძელდებოდა მთელი ის ქმედებები, რაც დღესაც გრძელდება. ამის ნაცვლად, მათ ცალმხრივად გაუხსნეს უვიზო რეჟიმი, სტრატეგიული ობიექტები გადასცეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს და შემდეგ უკვე, მხარი დაუჭირეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა ჰქკითხეს, ხელისუფლება რატომ იმეორებს რუსულ პროპაგანდას და ომის დაწყებას რატომ აღნიშნავს ხელისუფლება 8 აგვისტოს მაშინ, როდესაც 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის არმია უკვე საქართველოში იყო.

„ძალიან სამწუხაროა, რომ თარიღებზე გვიწევს საუბარი. მინდა ვთქვა, რომ დღეს, ჩვენ ყველანი ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. მინდა შეგახსენოთ, რომ თარიღი 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ, უხერხულია - ჩვენი გმირის სამხედროების ოჯახის წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი შესრულდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის არმიამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გავლით და სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო აგრესია დაიწყო. რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. დაიბომბა თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება. ომის დასრულებისთანავე, 26 აგვისტოს, რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]