„საერთოდ ქართველებს სტუმრის მიღებას ვერავინ გვასწავლის, მაგრამ სტუმარი სტუმარია და სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ იმ გარემოებებში, იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც დღეს ქვეყანაა, რა თქმა უნდა, სავიზო რეჟიმის საკითხი უნდა იყოს განხილული. ჩვენ უნდა მივესალმოთ საქართველოში ქვეყნის სტუმრებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს.
ეს ყველაფერი თუ არ იქნა დარეგულირებული, გარდა უსაფრთხოების რისკებისა, ხვალ და ზეგ, ჩვენს მოქალაქეებს უბრალოდ ეკონომიკურ რისკებსაც შეუქმნის. ეს იქნება სამუშაო ადგილების სიმცირე, ეს იქნება სხვადასხვა ბიზნეს სფეროში სხვადასხვა კონკურენციები.
ამიტომ ჩვენი მოვალეობაა და ქართული სახელმწიფოს მოვალეობაა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დაიცვას და არ ზრუნავდეს გაურკვეველ, აბსოლუტურად მოგონილ საფრთხეებს. ჩვენ ვერავინ გვასწავლის სტუმრის მიღებას, სტუმარი ღვთისაა, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს“, – უთხრა გახარიამ ჟურნალისტებს.
საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდის და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების ნაწილი რუსეთთან ცალმხრივად არსებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. პარტია „ლელოს“ სამპუნქტიანი ინიციატივის მიხედვით, რუსეთთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, უნდა ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი, შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი და ასევე, შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი.
მმართველი პარტიის ლიდერები რუსეთის მოქალაქეების მიმართ „აგორებულ ქსენოფობიურ კამპანიაზე“ საუბრობენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სავიზო პოლიტიკის შეცვლა ირაციონალურია.