„ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს. მიდგომა, რომელიც მიჰყვება ძირეულ მიზეზს, რაც არის არასათანადო გავლენა, ფული ან პირადი გავლენა, რაც მოქმედებს პოლიტიკურ, სასამართლო და ოფიციალურ პროცესებზე, არის ის ძირეული რამ, რის მიღწევასაც ეს კანონი [დეოლიგარქიზაციის კანონი] უნდა ცდილობდეს. რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უმნიშვნელოვანესია.
არის სხვა ქვეყნები, რომლებიც იმავე გამოწვევას ებრძვიან, მაგრამ, თითოეულმა ქვეყანამ უნდა მოძებნოს საკუთარი ფორმულა ამ სიტუაციის გადასაჭრელად.
იმედი მაქვს, ეს სამუშაო ჯგუფები ამ მხრივ პროდუქტიული იქნება“, – განაცხადა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში.
აშშ-ის ელჩმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს პირადი შეხვედრა იყო, რომელსაც, როგორც წესი, დიპლომატები არ ასაჯაროებენ.
„უბრალოდ დიპლომატიისთვის არ არის მიღებული წესი, ასე მოიქცეს, თუკი მეორე მხარეს ურჩევნია, რომ არ გასაჯაროვდეს, მაგრამ როგორც კი გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად საუბრობდა ამ შეხვედრაზე, მე დავადასტურე, რომ ჩვენ შევხვდით და ვისაუბრეთ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე და მრავალ სხვა სფეროზე, სადაც აშშ ცდილობს, მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას.
ცხადია, ბატონი ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია, ის ძალიან წარმატებული ბიზნესმენია და ამიტომ, ნორმალურია, რომ გვსურს მასთან შეხვედრა, როგორც საქართველოს ბევრ სხვა მოქალაქესთან. სინამდვილეში, სწორედ ეს არის დიპლომატების საქმიანობა. ჩვენი ამოცანაა, შევხვდეთ რაც შეიძლება ბევრ სხვადასხვა წარმომადგენელს ქვეყანაში.
ამ შეხვედრაზე ასევე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა შეერთებული შტატების ერთგულებაზე საქართველოს მიმართ. ჩვენს ძალისხმევაზე, რომ მრავალმხრივი მხარდაჭერა უზრუნველყოთ საქართველოსთვის ჩვენი საქმიანობით.
ჩვენ არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებზე, სანქციებზე ან რაიმეზე, რაც შესაძლოა, წარმოჩენილი იყოს როგორც შანტაჟის ან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა.
შეხვედრისას საერთოდ არ ყოფილა ამ თემებზე საუბარი. ვფიქრობ, ჩვენ მუდმივად ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი მუშაობით ვცდილობთ, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მშვიდობა აღდგეს. ყველაფერი, რასაც ჩვენ საქართველოსი ვაკეთებთ, ემსახურება საქართველოს მხარდაჭერას, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ეს არის ის, რასაც ვაკეთებდით 30 წლის განმავლობაში და ეს არის ის, რასაც გავაგრძელებთ“, ) – განაცხადა ელჩმა.
ჟურნალისტმა კელი დეგნანს ჰკითხა, რატომ შეხვდა საერთოდ ბიძინა ივანიშვილს, თუ ის „ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც თავად უყვარს საკუთარი თავის წარმოჩენა ხშირად“.
„როგორც ვთქვი, მე ვხვდები ბევრ სხვადასხვა ადამიანს საქართველოში – ძალიან გავლენიან წარმატებულ ქართველებს, სტუდენტებსა თუ მასწავლებლებს. ამდენ განსხვავებულ ადამიანს იმიტომ ვხვდები, რომ მინდა, უკეთ გავიგო ქართული კულტურა, ქართული საზოგადოება, ქართული ოცნებები და მისწრაფებები. მინდა, გავიგო, როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს უკეთ დაეხმაროს საქართველოს. ყველაფერი, რასაც აქ ვაკეთებთ, მიღწეულია საქართველოსთან პარტნიორობით და ჩვენთვის აუცილებელია ვიცოდეთ, რა სურთ ქართველებს და როგორ შეგვიძლია უკეთ დავეხმაროთ მათ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
როგორც ამერიკის ეჩმა აღნიშნა,საინტერესოდ მიაჩნია ის, რომ ხალხს ბიძინა ივანიშვილთან მისი სამსაათიანი შეხვედრა ხანგრძლივად მიაჩნია: „ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ არც ისე უჩვეულოა, ორ-სამსაათიანი შეხვედრები.
ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ - არაფერია უჩვეულო იმაში, რომ ჩვენ ვხვდებოდეთ ვინმე გავლენიან ქართველს, ძალიან წარმატებულს, ისევე როგორც საქართველოს ბევრ სხვა მოქალაქეს. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ამ ჩვეულებრივ მოვლენას“.