weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზელენსკი: 2008 წლის ომი ჯერ არ გამხდარა ისტორია, მაშინ არსებული გამოწვევები დღესაც აქტუალურია

13:00 სამშაბათი, 09 აგვისტო 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კავკასიის ამ ნაწილში რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე კიდევ ნარჩუნდება. მისი თქმით, საჭიროა საუბარი არა იმდენად იმაზე, რა მოხდა, არამედ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს.

„ამ დღეებში ყველა იხსნებს 2008 წლის რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ. ბევრი საუბრებია ამ ომის წინაპირობებისა და შედეგების შესახებ. იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდა რუსეთის ხელისუფლების თავხედობა იმ წელს უკრაინისა და საქართველოსთვის NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე უარის თქმამ. მაგრამ მაინც, მაშინდელი ომი ჯერ კიდევ არ გახდა ისტორია, მთლიანად წარსულში არ გადასულა. ამიტომ, საჭიროა ვისაუბროთ არა იმდენად იმაზე, რა მოხდა, არამედ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს.

მაშინ არსებული გამოწვევები დღესაც ძალიან აქტუალურია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ კავკასიის ამ ნაწილში რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე კიდევ ნარჩუნდება, თუმცა კი ჯერ ისევ გაყინულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიომ მხოლოდ ახლა დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ აუცილებელია რეალურად ქმედითი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ასეთი აგრესიები თავიდან იქნეს აცილებული და პასუხისმგებაში მიეცეს ნებისმიერი აგრესორი.

„2008, 2014, 2022 – ამ წლებში დაწყებულ ომებს სხვადასხვა მასშტაბები და ბუნება აქვთ, მაგრამ მომხდარის საერთო მნიშვნელობა გააჩნიათ: რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების მექანიზმებმა ვერ იმუშავეს. ამიტომ საერთაშორისო ურთიერთობებში საჭიროა პრევენციული მოქმედების პრინციპი, რასაც 24 თებერვლამდეც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით. თუ უკვე ნათელია, რომ რომელიმე სახელმწიფო ამზადებს აგრესიას - უსამართლოს, არაპროვოცირებულს, უკანონოს, მაშინ მსოფლიოს რეაქცია მის მომზადებაზე ისეთივე უნდა იყოს, როგორიც აგრესიაზე. ჩვენ არ უნდა ველოდოთ დარტყმებს და მსხვერპლს, არამედ უნდა ვიმოქმედოთ ომის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ამ ომის შემდეგ აღარ უნდა დარჩეს არც მბჟუტავი და არც გაყინული კონფლიქტი.

„ეს მნიშვნელოვანი დასკვნაა. უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ყველაფერი, რაც რუსეთმა დროებით წაართვა, აგრესორი სახელმწიფო კი უნდა დაისაჯოს აგრესიის დანაშაულისთვის.

ეს მხოლოდ სამართლიანობისთვის არ არის მნიშვნელოვანი. მხოლოდ აგრესორის აშკარა წაგება, მის მიერ დაპყრობილის დაკარგვა და აგრესიაზე საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა წარმოადგენს გარანტიას ნებისმიერი ომის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი შესრულდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის არმიამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გავლით და სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო აგრესია დაიწყო. რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. დაიბომბა თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება. ომის დასრულებისთანავე, 26 აგვისტოს, რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]