weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

აქციის კლიპის გამო „ქართულმა ოცნებამ“ 3 ტელეკომპანიას კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა

15:23 სამშაბათი, 09 აგვისტო 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 11 აგვისტოს სხდომაზე განიხილავს მიიღოს თუ არა „ქართული ოცნების“ საჩივარი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამი ტელეკომპანიის - „პირველის“, „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ. საჩივარი ეხება ვიდეორგოლს, რომელიც აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა პარლამენტთან დაგეგმილი აქციის წინ მოამზადეს და ამ ტელეარხების ეთერებში 23-24 ივნისს გადიოდა.

„ქართული ოცნების“ საჩივრის მიხედვით, ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის შინაარსისაა და ის ემსახურებოდა „ქართული ოცნების“ იდეის უარყოფითად ფორმირებას, მიზნად ისახავდა სამომავლო არჩევნებში არჩევისთვის ხელის შეშლას.

„სარეკლამო რგოლი შეიცავს მმართველი პარტიის, მათი ლიდერების, ხელისუფლების წარმომადგენლების, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას, მათ მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან, კანდიდატის სტატუსთან და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯილი ამონარიდების საფუძველზე, ემსახურება მათ მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას“, – ვკითხულობთ საჩივარში.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ 23 და 24 ივნისს ქვეყნაში წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობდა, „მაუწყებლები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, განეთავსებინათ რგოლი, რომელიც წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის შინაარსის მატარებელი იქნებოდა“.

„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიებმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი დაარღვიეს და მიმართავს კომუნიკაციების კომისიას, შეისწავლოს ეს საკითხი და მასზე რეაგირება მოახდინოს.

„მთავარი არხის“, „პირველისა“ და „ფორმულას“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველ პარტიას მისთვის მიუღებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო, ტელეკომპანიების დასჯა სურს. „მთავარი არხის“ იურისტი თამთა მურადაშვილი დარწმუნებულია, რომ მარეგულირებელი კომისია მათ სამართალდამრღვევად ცნობს და დააჯარიმებს.

„ჩვენს ევროპულ მომავალთან დაკავშირებული კლიპის გამო გვიჩივის „ქართული ოცნება“.

რა თქმა უნდა, ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მარეგულირებელი კომისია დაადგენს, რომ კანონი დავარღვიეთ და დაგვსჯის. ვფიქრობ, განსაკუთრებულ სადამსჯელო ღონისძიებას გაატარებს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ჩვენ განსაკუთრებულად ვაწუხებთ. წინა ჯერზე მარეგულირებელმა კომისიამ 112 ათასი ლარით დაგვაჯარიმა პუტინის გამოსახულების გამო.

რა თქმა უნდა, როცა პუტინს ეხები ცუდად, უნდა დაისაჯო და როცა „ოცნებას“, ანუ პრორუსულ ძალას ეხები, რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯო. ეს არის კომისიის მიზანი“, – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

ტელეკომპანია „პირველის“გენერალური დირექტორის მოადგილის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, რაც დღეს ხდება, მისთვის უცხო არ არის: „ტელევიზიების დასანქცირების არაერთი შემთხვევა ყოფილა, მათ შორის ძალიან სოლიდური და დიდი ჯარიმებით, მხოლოდ და მხოლოდ იმ იმედით, რომ ეს ტელევიზიები ვეღარ შეძლებენ ჯარიმების გადახდას და საბოლოო ჯამში, დაიხურებიან. ახლაც ზუსტად იგივე მცდელობაა „ქართული ოცნების“ მხრიდან“.

„ფორმულას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ კომუნიკაციების კომისიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]