weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

კარასინის თქმით, ევროკავშირს, აშშ-ს და შვეიცარიას ჟენევის დისკუსიების ჩაშლა სურთ

19:54 სამშაბათი, 09 აგვისტო 2022

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ევროკავშირი, აშშ და შვეიცარია ჟენევის დისკუსიების „ჩაშლისკენ ისწრაფვიან“.

კარასინმა გუშინ, 8 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლება ღამით ცხინვალზე თავდასხმაში, რუსეთის მიერ ომის დაწყებას კი „სააკაშვილის რეჟიმისთვის მშვიდობის იძულების ოპერაცია“ უწოდა და ის „დროულ და ეფექტურ პასუხად“ შეაფასა.

„მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. მთავარ შემაკავებელ მექანიზმად, რომელიც რეგიონში პროგნოზირებადობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გახდა, რომელიც მოწვეული იქნა 2008 წელს და რომელშიც სოხუმის, ცხინვალის, თბილისის, ასევე რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები მონაწილეობენ გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს შუამავლობით“, – განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, „დატვირთული დიალოგისა და მწვავე დისკუსიების“ სულ 55 რაუნდი ჩატარდა.

„მთავარია, რომ ჟენევის დისკუსიები გახდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების დამცავი ბადე.

ბოლო თვეებში საგანგაშოა ევროკავშირის, შეერთებული შტატების და თავად შვეიცარიის აშკარა სწრაფვა, ჩაშალონ ჟენევის დისკუსიების მუშაობა უკრაინაში განვითარებული მოვლენების საბაბით.

ბოლოს შეხვედრა 2021 წლის დეკემბერში შედგა. ეს უკიდურესად საფრთხის შემცველია, რამდენადაც შეიძლება გამოიწვიოს მიზანმიმართული პროვოკაციები. ასე რომ, სააკაშვილის აგრესიის მორიგი თარიღის აღნიშვნისას, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი რამ მომავალში“, – წერს კარასინი.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 56-ე რაუნდი მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და რუსეთისთვის ევროპის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო გაურკვეველი პერიოდით გადაიდო. ამის მიუხედავად, თანათავმჯდომარეებმა უშუალო შეხვედრები გამართეს მხარეებთან თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში, რომლის ერთ-ერთი მიზანი შემდეგი რაუნდის ჩატარების ვადების განხილვაც იყო.

კარასინის გუშინდელ განცხადებას საქართველოს ხელისუფლება ჯერ არ გამოხმაურებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]