weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს ჯარისკაცების პერსონალურ ინფორმაციას – თავდაცვის მინისტრი

13:01 ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კომენტარი გააკეთა ქართველი თადარიგის ოფიცრის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმის უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლისიჩანსკში რუსი სამხედროების ხელში აღმოჩენის შესახებ. როგორც ბურჭულაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი სამხედროების საქმეები სამინისტროში არ ინახება, მოკვლევა მაინც დაიწყეს.

„ჩვენ გავავრცელეთ განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების საქმეები ჩვენთან არ ინახება, ჩვენ, სამხედრო პოლიციამ მაინც დავიწყეთ მოკვლევა, რომ დავაზღვიოთ ანალოგიური რისკები “, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ირაკლი რარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიხურა ისეთი ინფორმაციაც კი, რომელიც ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა.

„ჩვენ ვზრუნავთ, ჩვენ ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს ჯარისკაცების პერსონალურ ინფორმაციას. თუმცა, ჩემი აზრით, ეს კამპანია არის პროვოცირებული ჩვენი ოპოზიციური მედიის მიერ.

ჯარი ზოგადად ისეთი სტრუქტურაა, სადაც არიან დიდი ხნის განმავლობაში და ეტაპობრივად მიმდინარეობს დაწინაურება. ჩვენ არ მოგვიყვანია აქ ჯარისკაცები, ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ, არ უნდა შეეხოთ ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს გმირებს. ეს არის ორგანიზებული პროვოკაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. მინდა, გირჩიოთ, სტუდიაში იწვევთ ხალხს, თქვენს სამხედრო ექსპერტებს, ვითომ პოლიტიკოსებს, ხუთი წელია უკვე შეიცვალა და ჩვენი ჯარის სახელი არ იციან. ჩვენს ჯარს დღეს ჰქვია თავდაცვის ძალები და არა შეიარაღებული ძალები.

თქვენმა რესპონდენტებმა სახელიც კი არ იციან, რა ჰქვია ჩვენს ჯარს. ამ ხალხმა არ იციან, რა ჰქვია ჩვენს ჯარს. ამ ხალხს აინტერესებს ჩვენი ჯარისკაცების ბედი? ამ ხალხს მხოლოდ აინტერესებს ჩვენი სახელმწიფოსთვის დესტრუქციის მოწყობა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ე.წ. ლუგანსკის სახალხო მილიციამ 28 ივლისს გაავრცელა პროპაგანდისტული ვიდეო, სადაც „გათავისუფლებულ“ ლისიჩანსკში საწვრთნელი ბაზის აღმოჩენის შესახებ იუწყებიან. ვიდეოში ამბობენ, რომ ბაზაზე უკრაინელ ძალოვნებს უცხოელი დაქირავებულები წვრთნიდნენ, რის „მტკიცებულებადაც“ საქართველოს მოქალაქის მიხეილ ქამხაძის პირად საქმეს და ქართულ ენაზე დაბეჭდილ მასალებს აჩვენებენ.

„ნაპოვნი დოკუმენტებიდან გასაგები ხდება, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც თავად არტილერიის ოფიცერია, უკრაინელ ბოევიკებს ამზადებდა NATO-ს სტანდარტების შესაბამისად, რომელის საფუძვლებს წარმოადგენს ომის ტერორისტული მეთოდები და საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის სრული უგულებელყოფა“, – ამბობენ პროპაგანდისტულ ვიდეოში.

უკრაინაში მყოფი მიხეილ ქამხაძე ადასტურებს, რომ ოკუპანტების ხელში მოხვედრილია მისი პირადი საქმე, რომელიც მაშინ შეავსო, როდესაც საქართველოში სატანკო ქარხანაში მუშაობის დაწყებას აპირებდა. მისივე თქმით, ოკუპანტებს დოკუმენტების დედანი ვერსია აქვთ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში. სამინისტროს მტკიცებით, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და თავდაპირველ მდგომარეობაში ინახება.

„ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო“, – აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროში.

მათივე განცხადებით, შესაბამისი სამსახური დაადგენს, არის თუ არა კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა ის უკრაინაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]