„დღეს „ოცნების“ მხრიდან განხორციელებული ზეწოლისა და ფინანსური სარგებლის დაპირების შედეგად, პარტია „საქართველოსთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორმა მოსყიდულმა, გადაბირებულმა წევრმა, ნუგზარ შუშანიამ და მაკა ჩარტიამ დატოვეს ფრაქცია „ხობი საქართველოსთვის“. ნუგზარ შუშანიას დაპირდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, ხოლო მაკა ჩატიას - უმუშევარი მეუღლის დასაქმებას. პარტიის გადაწყვეტილებით, გარიცხული არიან პარტიის რიგებიდან“, – განაცხადა სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას ხობის მუნიციპალიტეტის 36-წევრიან საკრებულოში სულ ოთხი წარმომადგენელი ჰყავდა. ორი წევრის გამოკლების შედეგად, ფრაქცია „ხობი საქართველოსთვის“ დაიშალა.
„მაშინ, როდესაც „ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, ხოლო ქვეყანა მრავალი თაობის ცივილიზაციური არჩევანის - ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივის დაკარგვის წინაშეა, „ქართული ოცნება“ აგრესიულად აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცებას უკანონო მეთოდების გამოყენებით, რაშიც აქტიურად არიან ჩართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები.
ადგილი აქვს ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, შანტაჟს, მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის ძალადობით წართმევას, რასაც ადამიანების გარკვეული ნაწილი, სამწუხაროდ, ვერ უძლებს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
„რეგინფო“ მაკა ჩარტიას და ნუგზარ შუშანიას დაუკავშირდა. როგორც ჩარტია ამბობს, ფრაქცია „ხობი საქართველოსთვის“ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე კომენტარს არ გააკეთებს.
რაც შეეხება ნუგზარ შუშანიას, რომელიც ფრაქცია „ხობი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე იყო, ის აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა არავის განუხორციელებია, ფრაქცია კი იმიტომ დატოვა, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან რიგ საკითხებზე ვერ მოილაპარაკა. ნუგზარ შუშანიას თქმით, ის დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება და არ არის გამორიცხული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ვაკანტური თანამდებობა დაიკავოს.