weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მინისტრი უწყებიდან და ქვეყნიდან პოლიციელების მასობრივ წასვლას უარყოფს

10:48 ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2022

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქვეყანას ათასობით პოლიციელი ტოვებს. ნიკა მელიას თქმით, სამინისტრო თანამშრომლების მიერ დაწერილ ასობით პატაკს არ აკმაყოფილებს.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ 23 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიციელები საქართველოში განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ და „ქვეყანას ტოვებენ იმიტომ, რომ არ სურთ რუსი ოლიგარქის პირად დაცვაში სამსახური“.

„ამ ქვეყანას ტოვებს ათასობით პოლიციელი, ან აქტიურად ფიქრობს, რომ დატოვოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პატრიოტი პოლიციელები მყავს მხედველობაში. სამართალდამცავი სტრუქტურებიდან კადრების გადინება რომ მასობრივია, ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მხოლოდ აგვისტოში გამოცხადებული ვაკანსიებიც ადასტურებს. სამინისტრომ 145 ვაკანსიაზე გამოაცხადა კონკურსი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. ასეთი მასშტაბური რაოდენობის ვაკანსიები პოლიციას არ ახსოვს.

უწყებაში სამსახურის დატოვების მოთხოვნით ასობით დაწერილი პატაკი დევს, რომელსაც არ უკმაყოფილებენ, მაგრამ ბევრი ისე გარბის, აღარც ეკითხებიან. გარბიან და მექსიკის გავლით ამერიკაში ჩასულები რეკავენ, რომ უწება უკვე დატოვეს.

გარბიან იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება პატრიოტ ადამიანებს გასაჩერებელ ადგილს არ უტოვებს ქვეყანაში. იმხელა უპერსპექტივობაა, იმხელა უიმედობაა და მათგან იმდენი უკანონო ბრძანების შესრულებას ითხოვენ, რომ ამ უსამსახურო ქვეყანაში თავისით ტოვებენ სამსახურს“, - განაცხადა ნიკა მელიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა პოლიციელების ანაზღაურებასაც: „პოლიციელის ხელფასი 1600 ლარს არ აღემატება მაშინ, როდესაც მათი მინისტრი, ივანიშვილის პირადი მცველი გომელაური მდიდრული სახლებითა და აგარაკებით იწონებს თავს, ოჯახის წევს რამდენიმე ასეულ ათას ლარად ქორწილს უხდის, სადაც მხოლოდ ერთ ტორტში 5000 ლარს იხდის. რუსული ოცნების ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოსული ძალა ყველაფერს გააკეთებს, რომ პოლიციელები ებრძოდნენ დამნაშავეებს და არა ხელისუფლების ოპონენტებს“.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში 145 ვაკანსიის დასაკავებლად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონკურსი 17 აგვისტოს გამოაცხადა. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კონკურსი მიმდინარეობს პატრულ-ინსპექტორის 47, მესაზღვრე კონტროლიორის 38 და მესაზღვრე-კონტროლიორის ფუნქცია-მოვალეობის შემსრულებლის (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) 60 პოზიციაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყებაში „ხალხი მიდის, მოდის“.

„არ ვიცი, ქვეყნიდან ვინ მიდის. ზოგი მიდის, ზოგი ჩამოდის. 4000-მა ადამიანმა რომ დატოვა [უწყება], რამდენი მოვიდა, არ გიკითხავთ?

რაც მეტი ხელფასი ექნებათ ჩემს პოლიციელებს და არამარტო პოლიციელებს, ყველას, მე ბედნიერი ვიქნები. თვითონ გადინება, რასაც ჰქვია, 4000 კაცი რომ გავიდა, იგივე მოვიდა. ახლა გამოვაცხადეთ ვაკანსია, 140 თუ 145 კაცზე. ატყდა ამბავი, დედა, რა ხდება, დაიქცა ქვეყანა, ამ დროს 38 000 კაცი ვართ. წარმოიდგინეთ, 145 კაცზე! იქიდან თუ არ ვცდები, დაახლოებით, 60 თუ 58 იყო სასაზღვროსი, რომელზეც აუცილებლად საჭიროა ინგლისური ენის ცოდნა. იყო ბევრი კანდიდატი, თუმცა ენა არ იცოდნენ იმ დონეზე, რომ ტურისტს დახვედროდნენ, მიეღოთ და ასე შემდეგ. გამოვაცხადეთ ვაკანსია 140 კაცზე და ამაზე ატყდა ამბავი. ამას მოაბეს მერე 4000 წავიდა. 4000 წავიდა, 5000 შეიძლება მოვიდა. სულ არის ეს თემა. ხალხი მიდის, მოდის“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]