მისი თქმით, მხარს უჭერს აფხაზეთში რუსული ბიზნესის მასშტაბების გაზრდას, ჰუმანიტარული კონტაქტების გაფართოებას და იმას, რომ რუსეთ-აფხაზეთს შორის არა კედლები, არამედ დიდი რაოდენობით ხიდები იყოს.
„ისეთი პერსპექტივის შემთხვევაში, როგორიც არის სამოკავშირეო სახელმწიფო - რუსეთი, ბელარუსი და სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ისურვებდნენ, ამ კავშირს შეუერთდნენ, ამ იდეას ჩვენ სიამოვნებით დავუჭერდით მხარს და ვიქნებოდით მოცემული სამოკავშირეო სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრი“, – თქვა ასლან ბჟანიამ.
როგორც ბჟანია ამბობს, აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ სამოკავშირეო სახელმწიფოს იდეა აფხაზეთის ხალხთან ახლოსაა და ის „ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“.
„ჩვენ გვესმის, რომ გვჭირდება მჭიდრო კავშირი რუსეთის ფედერაციასთან. ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. აშკარაა, რომ ცალპოლუსიანი მსოფლიო ჩამოინგრა.
მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია - ამაში დარწმუნებული ვარ - წარმატებით დაასრულებს უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალურ ოპერაციას, სრულად განსხვავებული რეალობა იქნება.
ვფიქრობ, ყველასთვის ნათელი იქნება, მხედველობაში მაქვს რუსეთის ხელმძღვანელობა, რუსეთის ხალხი, ვინ არიან ნამდვილი მოკავშირეები, ვინ იდგა ამ მძიმე დროს რუსი ხალხის, რუსეთის ხელმძღვანელობის გვერდში და ამ ფაქტებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, შეიქმნება სამოკავშირეო სახელმწიფოს ერთგვარი კონტური. ჩვენ ამის იმედი გვაქვს და ჩვენ ამაში მონაწილეობისთვის მზად ვართ“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
ასლან ბჟანიას ბელარუსთან, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, ახლო კონტაქტების დამყარების იმედი აქვს.
2022 წლის თებერვლის დასაწყისში ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ივლისში, ლუკაშენკომ თქვა, რომ „დღეს, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები გულწრფელად უნდა იყვნენ დაინტერესებული სამოკავშირეო სახელმწიფოსთან დაახლოებით, თუ, რა თქმა უნდა, სურთ შეინარჩუნონ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“.
რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფო 2000 წლიდან არსებობს. იგი ითვალისწინებს ეტაპობრივად ერთიანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, საბაჟო, სავალუტო, იურიდიული, ჰუმანიტარული, საბაზრო და კულტურული სივრცის ჩამოყალიბებას. რუსეთი და ბელარუსი საერთო პარლამენტის, კონსტიტუციის, სასამართლოს და ერთიანი ვალუტის შექმნაზე მსჯელობდნენ, თუმცა ასეთი შეთანხმება ჯერ მიღებული არ არის.