weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ფუფუნებისთვის განკუთვნილ ვერტმფრენს გავყიდით და 3 ახალ ვერტმფრენს ვიყიდით – ღარიბაშვილი

16:48 ორშაბათი, 29 აგვისტო 2022

მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, წინა ხელისუფლების დროს შეძენილი, ფრანგული წარმოების Super Puma-ს ტიპის ვერტმფრენი მის გამომშვებ ქარხანას უკან დაუბრუნოს და სანაცვლოდ სამი ახალი ვერტმფრენი იყიდოს. ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ახალი ვერტმფრენების შეძენის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო „ახლა აქტიურად მუშაობს“ და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი არის აბსოლუტურად გამართული, კარგ მდგომარეობაში. ჩვენ ამას ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირად ღირებული, ასე ვთქვათ, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც შეძენილი იქნა წინა მთავრობის დროს, ყოფილი პრეზიდენტისთვის და რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ევრო არის გადახილი ამ ვერტმფრენში. ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ ამ ვერტმფრენით არავინ არ ისარგებლა“, – განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან სპეკულაცია და ტყუილი უწოდა განცხადებებს, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს შეძენილი Super Puma სამაშველო ოპერაციებში გამოიყენება.

„ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახლა ამ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და სანაცვლოდ ჩვენ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ.

ისეთებს, რომლებიც გამოგვადგება ჩვენ სამაშველო ოპერაციებში და სხვადასხვა ოპერაციისთვისაც. ახლა უკვე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები. ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს სამაშველო ვერტმფრენი არ გააჩნია და შესაბამისი უწყებები ამ დანიშნულებით სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ, რუსული წარმოების „მი 8-ს“ იყენებენ. ერთ-ერთი ასეთი ვერტმფრენი 29 ივლისს, გუდაურში მიმდინარე სამასველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფი ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ერთი თვის შემდეგაც არ არის ცნობილი.

გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ სამაშველო ოპერაციების დროს Super Puma-ს არ იყენებენ, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა,  რომ ორი Super Puma სამაშველო ფუნქციებისთვის საჭირო აღჭურვილობის გარეშე იყო ნაყიდი 2011 წელს: „სწორედ ამიტომ „სუპერ პუმის“ გამოყენება ვერ ხდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში (ხალხის ამოსაყვანად და ვერც ხანძრების ჩასაქრობად). განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ერთ ერთი „სუპერ პუმა“, რომელიც სპეციალური შეკვეთით, მაღალი კლასის სალონითა და დიზაინითაა დამზადებული და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მაღალი რანგის პირების გადაადგილების მიზნით გამოიყენებოდა“.

ორი Super Puma საქართველომ 2013 წელს მიიღო და ისინი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდნენ. როგორც სამინისტრო აცხადებდა, ვერტმფრენები არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო დანიშნულების იყო და მათი ჯამური ღირებულება 55 მილიონ ევროს აღწევდა. ჯერ კიდევ მაშინ გახდა ცნობილი, რომ მთავრობას მათი გაყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი.

„თუმცა მათში გადახდილი ფასი იმდენად მაღალია, რომ პოტენციური მყიდველის მოძიება გართულებულია და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ცნობილი დილერები უარს ამბობენ ამ ფასის ფარგლებში მათ შესყიდვაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ შესყიდული ერთ-ერთი ვერტმფრენი არის VIP კატეგორიის, რომლის სალონი საქართველოს პრეზიდენტის გემოვნების შესაბამისად, სპეციალური შეკვეთით არის მოწყობილი და  თავიდანვე განკუთვნილი იყო მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილებისათვის“, – აცხადებდა ეკონომიკის სამინისტრო.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ვერტმფრენები ორმაგი დანიშნულების იყო და „სამოქალაქო სახე მიეცათ მხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთის სანქციებისთვის აგვევლო გვერდი“.

„როცა ეს მთავრობა მოვიდა, ივანიშვილმა ყველა დაიბარა და უთხრა, რომ აღარ გვინდა ფრანგული ვერტმფრენები. მოდით, გვარემონტოთ რუსული. მას აუხსნეს, რომ ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენ არ გვაძლევს მარაგ ნაწილებს და ძალიან ძვირი დაჯდება.

ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მათ შორის, ვიღაც პეტერბურგელ ბიზნესმენთან, რომ ის, ვერტმფრენები, რომელიც სიმწრით გამოვგლიჯეთ საფრანგეთს რუსეთის მუქარების მიუხედავად, ისევ გაყიდოს საქართველომ. საქართველოს ახლა ჰაერივით სჭირდება ვერტმფრენები. ჩვენ მაღალმთიანი ქვეყანა ვართ, იქ რომ რამე მოხდეს, ერთი ვერტმფრენი არ ჰყავს“, – აცხადებდა სააკაშვილი.

ერთ-ერთი Super Puma 2018 წლის ზაფხულში კახეთში, ართანის მთებში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 5 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი ვერტმფრენი დასაწყობებულია ავიაციის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო ბაზაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]